მაჭავარიანი – ტულსი გაბარდის განცხადებაზე: ეს ძალიან ნაცნობი ხელწერაა, ჩვენ ასეთი ბევრი მაგალითი ვიცით საქართველოს შემთხვევაში
“ეს ძალიან ნაცნობი ხელწერაა, ჩვენ ასეთი ბევრი მაგალითი ვიცით საქართველოს შემთხვევაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებას, რომ ტრამპის წინააღმდეგ დანაშაული „დიპ სტეიტის“ დავალებით ჩაიდინეს, ამიტომ ის 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებების გამო ბარაკ ობამას და სხვა პიროვნებათა დასჯას ითხოვს.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ, როგორ დასრულდება ეს გამოძიება ვინაიდან ეს მტკიცებულებები არიას გადაცემული იუსტიციის დეპარტამენტისთვის. თუმცა ხელწერა ერთი და იგივე არის. როდესაც ბატონ ტრამპს ამ ყველაფერს აბრალებდნენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე და იქ გაყალბებაზეც არის საუბარი, რომ რაღაც დოკუმენტაცია CAI-მ და FBI-მ გააყალბეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს ძალიან ნაცნობი ხელწერაა რა თქმა უნდა, ვინაიდან ჩვენ ასეთი ბევრი მაგალითი ვიცით საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ რაღაც რუსულ კავშირებში მაშინ, როდესაც 25 წელზე მეტია იგი ფიზიკურად რუსეთში არ არის ნამყოფი და მისი მთელი აქტივები დასავლეთშია წარმოდგენილი. იგივე ვაკვირდებით ჩვენ ბატონი ორბანის წინააღმდეგ, როდესაც არის ხოლმე კამპანია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ტულსი გაბარდის განცხადებით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ „ხელოვნურად შექმნა და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა სადაზვერვო ინფორმაცია“, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის ნარატივი გაევრცელებინა – მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვის სამსახურების მონაცემები საპირისპიროს მიანიშნებდა.