თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო სუვერენული უფლებების დაცვას თავს არ დაანებებს
,,ეროვნულ ინტერესებს რომ ვიცავთ, თურმე რუსეთუმეობა ყოფილა, საქართველო სუვერენული უფლებების დაცვას თავს არ დაანებებს”,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილება უნდათ მათ, ვინც დარწმუნდა, რომ საქართველო ეროვნული ინტერესების დაცვას თავს არ დაანებებს.
„მიზანია, ძირითადი საკითხებიდან გადაიტანონ ყურადღება. აკვირდებით და რას აცხადებენ რუსეთუმეობად? თურმე რატომ გვინდა, საქართველოში გამჭვირვალობა იყოს. აქ რა შუაშია რუსეთუმეობა? თურმე რუსეთუმეობა ყოფილა ის, რომ ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ, უარი ვთქვით ლგბტ პროპაგანდაზე, სქესის შეცვლის ოპერაციებზე. იგივე რაღაცები დონალდ ტრამპმა რომ გააკეთა, სხვა მოცემულობით, მაგრამ იმავე მიმართულებით, თქვა, ორი გენდერი არსებობსო და კანონმდებლობით გაამყარა, ამაზე ხმა არ ამოიღეს ვითომ პროამერიკელებმა, რადგან ეშინიათ, სასუნთქი გზები საბოლოოდ არ გადაეკეტოთ. რატომ არ ამბობენ, რომ ტრამპი შეცდა? ტრამპი გამოგონილ თემებზე აქტებს რატომ გამოსცემს, მოცლილია? სხვა საქმე არ აქვს? რუსეთი მტერია, ოკუპანტია და ეს ყველა დონეზე ნათლად ნათქვამია. მათთვის სიტყვის თქმა არაფერია. რა უნდათ, იცით? რუსეთი მტერია, ოკუპანტია და ამიტომ იარაღი უნდა ავაჟღარუნოთ. ამისთვის მზად ვართ, არ ვართ, შეგვიძლია თუ არა თავის დაცვა, მტერს უნდა ვეკვეთოთ, სწორედ ეს უნდათ. ხელისუფლების ცვლილება უნდათ მათ, ვინც დარწმუნდა, რომ საქართველო სუვერენული უფლებების, ეროვნული ინტერესების დაცვას თავს არ დაანებებს. სწორედ ამიტომ უნდათ, რომ ხელისუფლება შეცვალონ. მზად ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც ხვალ დილითვე მათ მიზნებს შეასრულებენ – ასეთი ჩვენი რადიკალური ოპოზიციაა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.