აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკას ეწვია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას გაეცნო და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. ინფორმაციას, აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დევნილი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომ სერვისებს გაეცნო და მედიკოსებს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი გიორგი ჟღენტი წარუდგინა, რომელმაც ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ხედვებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ სამედიცინო დაწესებულების პერსონალს მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, საქართველოს პარლამენტის წევრები დავით კოდუა და გენრიეტა წიწავა, ასევე სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.