მაჭარაშვილი – 20 ივნისის საქმეზე: ის გასროლა ან თვითნებურად განახორციელა პოლიციელმა, ან ბრძანების საფუძველზე, აბა, იარაღი თავისით არ გაისროდა
“გახარიამ თავისივე ბოლოდროინდელი ჩვენებებით, მათ შორის, ჩვენთან, კომისიაზე 20 ივნისთან დაკავშირებით, ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა პოლიციელები ერთი მხრივ, თავისი თავი მეორეს მხრივ, როდესაც გადათქვა ის პასუხისმგებლობა, რასაც წლების განმავლობაში ამბობდა 20 ივნისთან დაკავშირებით, რომ ის იქნებოდა ყველაფერზე პასუხისმგებელი”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
როგორც მაჭარაშვილი ამბობს, ამ დროს, გახარიამ კომისიაზე თქვა, რომ არც ის და არც მისი მოადგილეები არანაირ ბრძანებას არ იძლეოდნენ გასროლაზე.
“ანუ პასუხისმგებლობიდან გავიდა, რითაც შეატოვა პოლიციელები ამ პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, ამით დამძიმდა სიტუაცია ჩემი აზრით და უფრო მეტი კითხვა იქნება მის მიმართ და ხელმძღვანელობის მიმართ ზოგადად იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის გასროლა ან თვითნებურად განახორციელა პოლიციელმა, ან ბრძანების საფუძველზე, აბა, იარაღი თავისით არ გაისროდა. პასუხისმგებელი აქ ვიღაც არის გადამეტებაზე და შესაბამისად კარგია, რომ გამოძიება იქნება და დადგინდება სიმართლე“, – აცხადებს მაჭარაშვილი.