გურამ მაჭარაშვილი: თუ გახარია თვლის, რომ როგორც იყო საგუშაგოს დადგმამდე სიტუაცია ახლაც ასეა, როცა ჩამოვა უცხოეთიდან შევიდეს მარტო ამ ტერიტორიაზე
„მაჭავარიანი იყო მთავრობის წევრი, იმ პერიოდში მინისტრი და შესაბამისად მისი აზრი, რა თქმა უნდა იქნება მნიშვნელოვანი,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის საქმეზე, პროკურატურაში ივანე მაჭავარიანის გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
„გახარია გამოვკითხეთ ორჯერ და რეალურად დადგენილია ყველაფერი ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით. თუ ის თვლის, რომ როგორც იყო საგუშაგოს დადგმამდე რეალური სიტუაცია, როცა იქ მცხოვრები ხალხი ამბობს, რომ შედიოდნენ ამ ტყეში, როცა ჩამოვა უცხოეთიდან ან თვითონ შევიდეს მარტო ამ ტერიტორიაზე, მილიონ კვადრატული მეტრში, სადაც კონტროლი დაიკარგა ან წაიყვანოს იქაური სოფლელი და უთხრას, რომ აი, ბატონო, როგორც მანამდე შედიოდით, ახლაც წინ გაგიძღვებით და შევალთ ამ მილიონ კვადრატულ მეტრშიო. რამენაირად დაადასტუროს ის, რომ არაფერი არ დაუკარგავს და კონტროლიდან არ გასულა ეს ტერიტორია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმყოფება. პროკურატურაში შესვლამდე მაჭავარიანმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.