ბოჟაძე – გახარიას პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე: შეიძლება, ყოფილიყო საარჩევნო საკითხებიც; დაველოდოთ, საერთოდ დაბრუნდება თუ არა გახარია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია
„ის, რომ გახარიამ სიიდან ადამიანები ამოიღო, ნიშნავს იმას, რომ ის ამ ადამიანებს არ ენდობა, რადგან შესაძლებელია, ვისაც მოუწევს მომავალში პარლამენტის წევრობა, შემოვიდნენ და იმუშაონ იმ 12 მანდატისგან განსხვავებით, რომლებსაც შეუჩერდათ უფლებამოსილება”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს და გიორგი გახარიას პარტიაში დაპირისპირებას ეხმაურება.
“გარდა ამისა, მათ შორის შეიძლება ყოფილიყო საარჩევნო საკითხებიც, იცით, რომ ერთ-ერთმა წევრმა დატოვა კიდეც პარტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია პარტიის შიგნით.
დაველოდოთ, საერთოდ დაბრუნდება თუ არა გახარია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, თუმცა, მისი პოლიტიკური გუნდი რომ აღარ არის ერთიანი და შიდა დაპირისპირება აქვთ, ეს ფაქტი უკვე სახეზეა“, – ამბობს ბოჟაძე.