კრწანისის რაიონის გამგებელს სამართალდარღვევაში ბრალს სდებენ

კრწანისის რაიონის გამგებელს გიორგი კოპალეიშვილს სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება არაკანონიერ საქმიანობას. „მონიტორინგის ცენტრი -მედიატორის“ ხელმძღვანელების ინფორმაციით, კოტე აბხაზის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები ტენდერის გარეშე დაიწყეს.
კრწანისის რაიონის გამგებელს თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ.
„სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, რომელიც ყოველგვარი ტენდერის, ყოველგვარი დეფექტური აქტის, ყოველგვარი ექსპერტიზის დასკვნის, ყოველგვარი ლაბორატორიის დასკვნის გარეშე აწარმოებს კოტე აბხაზის ქუჩაზე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ერთადერთი ეს ადამიანი ამბობს, რომ ფორსმაჟორული სიტუაცია იყო და ამის გამო კეთდება გზა. დოკუმენტაცია არ გააჩნია, მხოლოდ და მხოლოდ საკრებულოს თანხმობა აქვს გზის მშენებლობაზე. საკრებულოს თანხმობა არ ნიშნავს საბიუჯეტო სახსრების განკარგვას იურიდიული გადაცდომების ფონზე“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი – მედიატორის“ ხელმძღვანელმა ლევან ხაბეიშვილმა.
კოპალეიშვილი აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოებზე ნებართვა, აუცილებლობის გამო, საკრებულომ გასცა.
„გამომდინარე იქიდან, რომ აქ ყოველდღიურად დადის ბევრი ადამიანი, ბევრი ტურისტი და „თბილისობის“ პერიოდში დაჟეჟილობის დიდი რისკი იქნებოდა, შეიძლება ფატალურად დასრულებულიყო ორმოში ადამიანის ჩავარდნის შემთხვევაში, ჩვენ ეს მივიჩნიეთ გადაუდებელ აუცილებლობად, რომ გაგვეკეთებინა ლესელიძის ქუჩის გარკვეული მონაკვეთები. ამ შემთხვევაში ჩვენ მივმართეთ საკრებულოს, ჩვენი პოზიცია დავასაბუთეთ, მათ შორის დავურთეთ ფოტომასალა, საკრებულომ იმსჯელა და, თუ არ ვცდები, 3 ოქტომბერს მოგვცა ნებართვა, ჩაგვეტარებინა სარემონტო სამუშაოები“, – აღნიშნავს თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი. გზის სარემონტო სამუშაოებისთვის 300 000-ლარამდეა გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები