ზაზა შათირიშვილი: რადგან ომამდე ქვეყნის სათავეში აგენტურის დაბრუნება ვერ მოხერხდა, ომის დაწყებიდან „წერტილოვანი დარტყმები“ ამოქმედდა, რაც საბოლოო ჯამში, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულებულიყო – ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებადი ძალები დაჟინებით ცდილობენ დავალების შესრულებას
მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე უსამართლო, დაუსაბუთებელმა ზეწოლამ არნახული მასშტაბი მიიღო. დღეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ზუსტად იცის ამ ზეწოლის მიზანი – ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, მმართველობაში აგენტურის დაბრუნება და შემდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.
მისი განცხადებით, ეს სცენარი რომ „დიფ სთეითის“ მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო გაწერილი, უტყუარად დასტურდება, განსაკუთრებით ყურადსაღები კი უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, რომლებმაც რევოლუციური პროცესების განვითარების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს.
როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, ამავე დავალებას ასრულებდა „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, გიორგი გახარია, თუმცა, როგორც მისი, ისე სააკაშვილის შემთხვევაში, გარე ძალების მიერ დალაგებული გაგმა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ გაიშიფრა და ხელისუფლების დამხობის მცდელობებიც წარმატებით განეიტრალდა.
„ჩვენი ქვეყნისათვის ეს დამღუპველი სცენარი რომ გლობალური ომის პარტიის, იგივე „დიფ სთეითის“ მიერ ომამდე იყო გაწერილი, უტყუარად არაერთი ფაქტით დასტურდება. განსაკუთრებით ყურადსაღებია უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, როდესაც სააკაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში შემოაპარეს. სტაჟიანი აგენტის დავალება არჩევნების დღეს საჯაროდ, მოულოდნელად გამოჩენა, რევოლუციური პროცესების აგორება და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა იყო. ამავე დავალებას ასრულებდა გიორგი გახარია, „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, რომელიც ჯერ მინისტრობის დროს აჯანჯღარებდა ქვეყანას, მიზანმიმართულად აზიანებდა პოლიციის და ხელისუფლების რეპუტაციას, ბოლოს კი მთავრობის ჩამოშლის მიზნით, თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ორივე შემთხვევაში გარე ძალების დალაგებული გეგმა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის მიერ გაშიფრულ იქნა და ხელისუფლების დამხობის მცდელობები წარმატებით განეიტრალდა,“ – აღნიშნავს შათირიშვილი.
მისივე განცხადებით, „დიფ სთეითმა“ საქართველოში ვითარების არევის მიზნით, გეგმა B აამუშავა და ომის დაწყების შემდეგ, „წერტილოვანი დარტყმები“ იმავე – ხელისუფლების დამხობის მიზნით ამოქმედდა.
„ამასობაში ომიც გაჩაღდა, ხოლო „დიფ სთეითმა“ საქართველოში პროცესების ასარევად გეგმა B აამუშავა. რადგან ომამდე ქვეყნის სათავეში აგენტურის დაბრუნება ვერ მოხერხდა, ომის დაწყებიდან „წერტილოვანი დარტყმები“ ამოქმედდა, რაც საბოლოო ჯამში იგივე მიზნით, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულებულიყო. ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებადი შიდა თუ გარე ძალები დაჟინებით ცდილობენ დავალების შესრულებას. ყველას კარგად გვახსოვს ის პროვოკაციები და პროვოკაციული განცხადებები, რასაც ამ წლების მანძილზე ვხედავთ და ვისმენთ: მოხალისე მეომრების გაგზავნის მოთხოვნა უკრაინაში, სანქციების დაწესების კამპანია, ელჩის გაწვევა, ომში ჩართვის პირდაპირი მოწოდებები… ამ დამღუპველ ნაბიჯებზე უარის მთქმელი ადამიანების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება და ასე შემდეგ…“ – ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.