„ამჟამად, საქართველო არაერთი შიდა და გარე გამოწვევის წინაშე დგას. თითოეული ეს გამოწვევა განპირობებულია პირდაპირი თუ ირიბი უცხოური ჩარევის შედეგად. საქართველოს ტერიტორიების 20 %, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს.
როგორც სამხარაძე განმარტავს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის სასოწარკვეთილ მცდელობებს ვხედავთ, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება.
“ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა უცხოური ძალები ცდილობენ, ხელყონ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაც. ჩვენ მკაცრად არ ვეთანხმებით ზოგიერთი რეზოლუციის ჩანაწერს, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების, თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობაზე. საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების საუკეთესო მტკიცებულებაა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ადამიანის მიერ ცენტრალური გამზირის გადაკეტვა თბილისში. ისინი ამას აკეთებენ მშვიდობიანად და ამიტომაც მათი უფლება დაცულია. მათ არავინ აწუხებს მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა არ არის საკმარისი ცენტრალური გამზირის გადასაკეტად.
რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, ეუთო-ს ბოლო ანგარიშშიც აღინიშნა, რომ საქართველოში გვაქვს მედია პლურალიზმი. მართალია პოლარიზებული, თუმცა პლურალისტული და დამოუკიდებელი მედია. რაც შეეხება ჩანაწერს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, ეს დაკავებები მოხდა ნოემბერ – დეკემბრის არეულობების გამო, რომლის დროსაც სამოცზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ერთ-ერთმა მათგანმა მხედველობა დაკარგა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. შესაბამისად, აშკარაა, რომ პოლიციელებს თავს დაესხნენ და საპროტესტო აქციები არ იყო მშვიდობიანი, არამედ ძალადობრივი. ამიტომაც ამ დანაშაულების ჩამდენები დაკავებულები არიან და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, არამედ ეს ადამიანები დააკავეს დანაშაულის ჩადენის გამო“, – აცხადებს სამხარაძე.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – ლევან მახაშვილი.