ზურა გომელაურის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
1 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლე ზურა გომელაურის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. ინფორმაციას ხელოვნების სასახლე ავრცელებს.
„ზურა გომელაური თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი წარმომადგენელია. მისი შემოქმედება სავსეა პოზიტიური ენერგიით, შინაგანი სინათლითა და ცხოვრების სიყვარულით, რომელიც მის თითოეულ ნამუშევარში მკაფიოდ იგრძნობა. ზურა გომელაური 1988 წლიდან აქტიურად მონაწილეობს როგორც პერსონალურ, ისე ჯგუფურ გამოფენებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მისი ტილოები წარმოადგენენ როგორც ფერწერის, ისე ემოციური ნარატივის სინთეზს. მხატვრის შემოქმედება უხვადაა გაჟღენთილი სიცოცხლის, სიყვარულისა და სიხარულის თემებით, რასაც იგი სხვადასხვა სიმბოლოსა და ფერის ენით გადმოსცემს“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.