მაკა ბოჭორიშვილი – 2008 წლის ომის შემდეგ უკრაინასაც და მოლდოვასაც მიეცათ შესაძლებლობა, გაეხსნათ ასოცირების მოლაპარაკებები და საქართველო იყო ბოლო, 2012 წელს, რადგან საქართველოში იმ დროს ბევრი პრობლემა იყო, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები
2008 წლის ომის შემდეგ უკრაინასაც და მოლდოვასაც მიეცათ შესაძლებლობა, გაეხსნათ ასოცირების მოლაპარაკებები და საქართველო იყო ბოლო, 2012 წელს, რადგან საქართველოში იმ დროს ბევრი პრობლემა იყო, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იმ პერიოდში ევროკავშირის ინიციატივით ადამიანის უფლებათა დიალოგი იმართებოდა, რომელშიც ქართული მხრიდან მინისტრის მოადგილე მონაწილეობდა და საქმეები, რომლებსაც განიხილავდნენ, საკმაოდ მოცულობითი იყო.
„საქართველო იყო ბოლო ვინც დაიწყო უვიზო მიმოსვლაზე დიალოგი 2012 წელს. ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც მოლდოვას ფაქტობრივად ბოლომდე ჰქონდა მიყვანილი უვიზო მიმოსვლის დიალოგი, უკრაინაც დიალოგში იყო ევროკავშირთან და ეს ყველაფერი დაიწყო 2008 წელს. ბევრი პრობლემა იყო, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. ვერ ვიტყვით, რომ ეს არ იდგა დღის წესრიგში. თუ გახსოვთ, ევროკავშირმა ინიცირება გაუკეთა ადამიანის უფლებათა დიალოგს. ძირითადად დახურული შეხვედრები იყო. ერთი შეხვედრა ლამის დილამდე გაგრძელდა, თუ სწორედ მახსოვს 2011 წელს. ყოველწლიურად იზრდებოდა იმ საქმეების მოცულობა, რომელსაც ევროპული მხარე გადმოცემდა ხოლმე მაშინ ქართულ მხარეს, თუმცა დალუქული და დახურული კონვერტებით და ეს საჯარო არ იყო. ძირითადად მინისტრის მოადგილის დონეზე იმართებოდა ხოლმე და სხვადასხვა უწყებები იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა მნიშვნელოვანი იყო ეს მომენტი, სწორედ კონკრეტული საქმეები, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი და გარკვეულწილად მიდიოდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, თუმცა საინტერესო იყო, რომ მოცულობას მაინც ვხედავდით რომ ეს საქმეები იზრდებოდა და დიდი რაოდენობით იყო,” – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად ქმედითი ნაბიჯები ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გადაიდგა.
„უვიზო მიმოსვლა ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხებისგან შედგებოდა. ოთხი ბლოკი იყო, სხვადასხვა მიმართულებით, პროგრესი უნდა გვეჩვენებინა და მართლაც, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა პირველ საკანონმდებლო ფაზაზე, 2013 წლიდან, როდესაც სამოქმედო გეგმა გადმოეცა და სხვათა შორის, საინტერესო მომენტი იყო, მაშინ ჯერ კიდევ ქალბატონი სალომე სამადაშვილი იყო ელჩი ბრიუსელში, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება და მაშინ, როდესაც აქტიურად განვიხილავდით, როდის უნდა ჩამოსულიყო ევროკომისარი, ქალბატონი სესილია მალმსტრომი საქართველოში, რომელსაც უნდა გადმოეცა ქართული მხარისთვის სამოქმედო გეგმა და შეფერხების პროცესიც მახსოვს ამ პერიოდში. ყველანაირი მცდელობა იყო იმისთვის, რომ დროულად არ ჩამოსულიყო არ გადმოეცა სამოქმედო გეგმა და რაღაცნაირად გაწერილიყო ეს პროცესი”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2013 წელს საქართველოს ყველაფერი ჰქონდა გაკეთებული იმისთვის, რომ ნაბიჯები წინ გადაედგა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელოვნურ შეფერხებებს და ისინი მათ შორის ცდილობდნენ მერაბიშვილის საქმის ინსტრუმენტად გამოყენებას.
„მახსოვს 2013 წლის თებერვალი იყო, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგა, თუმცა ყოველთვის, იმ პერიოდშიც, ქართული დელეგაცია ოპოზიციის მხრიდან, ბრიუსელში მართავდა შეხვედრებს, აქტიურად გამოიყენებოდა ეს საკითხი პოლიტიკურ ინსტრუმენტად საქართველოს წინააღმდეგ. მუდმივად იყო მცდელობა, რომ მომხდარიყო ამ საკითხის პოლიტიზირება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. თუმცა იმდენად კარგად აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს, იმდენად კარგად მიდიოდა ეს პროცესი, რომ ამ კრიტიკულ მომენტებში და შეფასების პროცესშიც შეუძლებელი იყო, რომ არ მიგვეღო ის, რაც მივიღეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, სწორედ ამ პერიოდში, ძალიან აქტიურად ხდებოდა სამართლებრივი საქმეების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ოპოზიციის მხრიდან. ეს ადამიანები მერაბიშვილის საქმის პოლიტიზირებას ახდენდნენ ბრიუსელში, ევროპარლამენტში. ეხვეწებოდნენ ევროპარლამენტარებს, რომ ჩადეთ თქვენს რეზოლუციებში პირობითობა, გააჩინეთ, რომ თუ მერაბიშვილი გარეთ არ გამოვა, თუ არ იქნება ეს სამართლებრივი საქმეები რაღაცნაირად, სხვანაირად გადაწყვეტილი, საქართველო ასოცირების შეთანხმებას ვერ მოაწერს ხელს. ძალიან კარგად გვახსოვს, რა პირობებში ხდებოდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე გადაწყვეტილების მიღება. ეს არ იყო მარტივი გეოპოლიტიკური მოცემულობა. მაშინ 4 ქვეყანასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. სომხეთმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, შევიდა ევრაზიის კავშირში და თქვენ იყავით, თუ სწორად მახსოვს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე საჯარო მოსმენაზე და სწორედ ეს პერიოდი იყო, როდესაც აქტიურად ლობირებდნენ, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და მერაბიშვილის საქმე და სამართლებრივი საქმეები გამხდარიყო ამის საფუძველი და მიზეზი. ამას აკეთებდნენ დელეგაციაში ვინც იყვნენ მაშინ, ყველა. აქტიურად მუშაობდა კანდელაკი, არაერთხელ გაჟღერდა, მათ შორის სამადაშვილი ყოველთვის აქტიურობდა ამ პროცესებში, შემდგომში ბოკერიაც იყო იქ, ბევრნი იყვნენ, ვინც დადიოდნენ და მათი დღის წესრიგი ძირითადად იყო ის, რომ როგორღაც გაჩენილიყო შემაფერხებელი გარემოებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გადასავადებლად. ეს დღის წესრიგი არ შეცვლილა ამ წლების განმავლობაში. სხვადასხვა დოზით აქტიურდებოდა და განსაკუთრებით აქტიური არის ახლა. 2024 წლის არჩევნებამდე განსაკუთრებით გააქტიურდა ეს სურათი, რომ ქართული ოცნება მიუღებელია, არ უნდა ელაპარაკოთ. დღესაც დევს ეს სხვათაშორისო მაგიდაზე. ვიცი მოწოდებები, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მინიმალური იყოს კონტაქტი, ხელი არ ჩამოართვათ, არ შეხვდეთ, რომ საზოგადოებაში ასე გამოჩნდეს, რომ ჩვენ ვართ მიუღებელი ხალხი”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.