რიკარდ იოზვიაკი: საინტერესოა, რომ ნატო-ს სამიტის წინ, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ
რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში X-ი, ნატო-ს სამიტის წინ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. როგორც მან აღნიშნა, წინა სამიტებისგან განსხვავებით, წელს ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე არაფერი თქმულა.
„საინტერესოა, რომ ნატო-ს სამიტის წინ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც სიტყვით გამოვიდნენ ზელენსკი, რუტე, კოშტა და ფონ დერ ლაიენი, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ. რადიკალურად განსხვავდება ვილნიუსის 2023 წლისა და ვაშინგტონის 2024 წლის სამიტებისგან“, – წერს იოზვიაკი.
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში ნატო-ს ორდღიანი სამიტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი 25 ივნისსაც გაგრძელდება. ღონისძიების დასრულების შემდეგ ნატო-ს გენმდივანი პრესკონფერენციას გამართავს.