“ეს ორგანიზაციები სინამდვილეში არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ესენი არიან პოლიტიკური პროექტების და დღის წესრიგის ნაწილი, რომლის მიზანი არის ყველაზე რადიკალური და პოლარიზებული პოლიტიკური დღის წესრიგის გატარება” – იონათამიშვილი
“ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები სინამდვილეში არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ესენი არიან პოლიტიკური პროექტების და დღის წესრიგის ნაწილი, რომლის მიზანი არის, არა ვინმეს უფლებების ადვოკატირება, არამედ ყველაზე რადიკალური და პოლარიზებული პოლიტიკური დღის წესრიგის გატარება და ტირაჟირება”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილზე საუბრისას განუცხადა.
„ფაქტობრივად, ბრიტანეთის საელჩო აღიარებით ჩვენებას იძლევა იმასთან დაკავშირებით, რომ ის თვითონ ასპონსორებდა ჩვენს ქვეყანაში რადიკალურ დღის წესრიგს და მათი მიზანი იყო აქ არა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე დარტყმა.
ამ ადამიანებს იმდენად ეშინიათ გამჭვირვალობის და იმდენად ეშინიათ, რომ მათი საქმიანობის შესახებ მეტს გაიგებს ჩვენი საზოგადოება, რომ მზად არიან უკიდურეს ზომებს მიმართონ და ხშირ შემთხვევაში ნებით თუ უნებლიედ აღიარებითი ჩვენება მისცენ ჩვენს საზოგადოებას, პირდაპირ უთხრან, რომ მათ აქვთ ბევრი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი საქმე ნაკეთები და მათი მიზანი არის ამ ყველაფრის დამალვა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.