პაატა სალია 20 ივნისის მოვლენებზე: გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული

,,გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ,  2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე ხაზის სწორად ძალის პროპორციულად დაგეგმვასა და გამოყენებას გაუსვა ხაზი.

„სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და პოლიციის წარმომადგენლებზე. რაც შეეხება უშუალოდ, ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, საუბარია სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა, როდესაც ხდება თავდასხმა პოლიციაზე, პარლამენტის შენობაზე, სხვა სახელმწიფო შენობებზე, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და სწორად გამოყენებული.

აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული”, – – განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაწყებულია. სასამართლომ დაადგინა, რომ საჭიროა გამოძიებამ სისტემურად გააანალიზოს საკითხი და შეისწავლოს რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები