ანდრეი სიბიგა: ზუსტად 100 დღეა, რაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უარყოფს
,,ზუსტად 100 დღეა, რაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უარყოფს”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, უკრაინა კვლავ მშვიდობის ერთგული რჩება.
„ზუსტად 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ უპირობოდ მიიღო აშშ-ის სამშვიდობო წინადადება ცეცხლის სრულად შეწყვეტის, მკვლელობების დასრულებისა და ნამდვილი სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ. ზუსტად 100 დღეა, რაც რუსეთი მშვიდობისკენ გადადგმულ ამ პირველ ნაბიჯს უარყოფს.
უკრაინა კვლავ მშვიდობის ერთგული რჩება. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ ომს ირჩევს და აშშ-ის მცდელობებს უგულებელყოფს. მოქმედების დროა, რათა რუსეთი იძულებული გახდეს, რომ მშვიდობას დათანხმდეს“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.