ვოლსკი – ჩორჩანას საქმეზე: დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო კომისია არ შეცდება და საზოგადოებაც შესაბამის დასკვნებს გააკეთებს
“ყოველთვის უნდა ვიმსჯელოთ შედეგის მიხედვით – რა მივიღეთ შედეგად; შეცდომა იყო ეს (ჰექტრობით ტერიტორიის გადაცემა ოკუპანტის ხელში) თუ განზრახ ჩადენილი დანაშაული?”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, საოკუპაციო ხაზთან პოლიციის საგუშაგოს თვითნებურად განთავსებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ამ საკითხზე საზოგადოება შესაბამის დასკვნებს გააკეთებს.
„გარდა ამისა, ამის გამო, მთელი რიგი პრობლემები შეიქმნა, რაც უნდა იყოს შეფასებული სიღრმისეულად და გაანალიზდეს. დარწმუნებული ვარ, რომ კომისია არ შეცდება და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც შესაბამის დასკვნებს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება.
საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დღეს კიდევ ორი პირი გამოიკითხება.