გიორგი ვოლსკი – ჩორჩანას საგუშაგოზე: იმის ლაპარაკი, რომ ისინი [საოკუპაციო რეჟიმი] მაინც გადმოიწევდნენ და ჩვენ აქ პრევენცია გავაკეთეთ, რა პრევენცია გავაკეთეთ? არაფერი პრევენცია, მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა
იმის ლაპარაკი, რომ ისინი მაინც გადმოიწევდნენ და ჩვენ აქ პრევენცია გავაკეთეთ, რა პრევენცია გავაკეთეთ? არაფერი პრევენცია, მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი იყო მინიატურული ვერსია 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების წინა პერიოდის.
„საერთოდ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში უნდა ვიმსჯელოთ შედეგის მიხედვით, რა შედეგი მოიტანა ამა თუ იმ ნაბიჯმა. პარლამენტის თავმჯდომარემაც თქვა, რომ ეს არის მცირე, რაღაცა მინიატიურული 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდი, აბსოლუტურად ზუსტი შეფასებაა. მაშინაც ამაზე იყო საუბარი. ვმუშაობდით საკმაოდ ინტენსიურად და კარგად ვითარდებოდა სამშვიდობო პროცესი, რამდენიმე მოლაპარაკების ფორმატი იყო, ინტერნაციონალიზაცია პროცესების აშკარა იყო, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა იყო და მერე შეიცვალა 2006 წლიდან. ეს გრძელი თემაა, ამ შეცვლასაც თავისი მიზანი ჰქონდა. მაგრამ რეალურად, როდესაც ვთქვით, რომ ეს რომ არ მომხდარიყო რეალურად, ჩვენ შეგვეძლო გამოსულიყავით ამ მდგომარეობიდან ისე, რომ ომი არ მომხდარიყო, ბიჭები არ შესწიროდნენ, სოფლები არ დაგვეკარგა და ასე შემდეგ, იყო ძალიან დემაგოგიური შემოტევა. მითუმეტეს ხელისუფლებაში იყვნენ მაშინ და ამბობდნენ, როგორც თქვენ რუსებს იცავთ? თქვენ რუსების აგრესიის არ გჯერათ? რეალურად, პრაგმატული შეფასებებია საჭირო, აქ არ არის ემოცია. ოკუპანტთან დაკავშირებით სპეკულაცია გამოდის. მაგრამ რეალურად იმის ლაპარაკი, რომ ისინი მაინც გადმოიწევდნენ და ჩვენ აქ პრევენცია გავაკეთეთ, რა პრევენცია გავაკეთეთ? არაფერი პრევენცია, მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა.
აგრესორია, ოკუპანტია და რა საკვირველია თავის გეგმები აქვს. მაგრამ როგორც კი პროვოცირებას უკეთებ, მითუმეტეს ამ პროვოცირებით უმართლებ იმ აგრესიას, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში, შემდეგი ხელი მოაწერეს, რომ რუსები იძულებული იყვნენ შემოვიდნენო, დაახლოებით იგივე საუბარი მიდის. ახლა უფრო დემაგოგიურად კიდევ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.