შალვა პაპუაშვილი: ეს არის ის, რაც გვინდა ვიხილოთ ევროკავშირში – საღი აზრი, იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც საღ აზრსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ელემენტარულ, საბაზისო გაგებაზე მოქმედებენ
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დღეს, მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ დებატებსა და ალტერნატიული რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა.
„ეს არის ის, რაც გვინდა ვიხილოთ ევროკავშირში – საღი აზრი, იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც საღ აზრსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ელემენტარულ, საბაზისო გაგებაზე მოქმედებენ. კარგია, რომ სულ უფრო ძლიერდება ასეთი პოლიტიკური წარმომადგენლობა ევროპარლამენტში. ზუსტად ასეთი ევროკავშირისკენ ვიყურებით ჩვენ და არა იმ ანტიქართული ჯგუფებისკენ, რომლებიც ებრძვიან საქართველოს და ცდილობენ გამოიყენონ საქართველო ინსტრუმენტად საკუთარი შიშების დასაძლევად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში.
„ამ დღეებში იყო საუბარი, რომ ამ რეზოლუციების განხილვამდე აპირებდნენ რაღაც პერფორმანსის ჩატარებას ევროპარლამენტის შენობაში და გასაგები იყო, რომ აპირებდნენ ზოგიერთი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის ფოტოებით დადგომას. ძალიან ველოდებოდი ამ პერფორმანსს. მათი ფანტაზია ძირითადად ესაა – ფოტოებს ამობეჭდავენ, დგანან და გვახსოვს ყველას, სააკაშვილის გათავისუფლებას როგორ ითხოვდნენ ასეთი პერფორმანსით. ველოდებოდი ამ მომენტს და ვფიქრობდი, რომ როგორც კი დავინახავდი ფოტოს, რომელზეც იქნებოდა მორიგ ჯერზე მოწოდება რომელიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ავიღებდი ამ ფოტოს, ავიღებდი ძველ ფოტოს, სადაც Free Misha [„გაათავისუფლეთ მიშა“] ეწერა, ერთად დავაწებებდი და დავდებდი Facebook-ზე. და რა ნახა ჩემმა თვალებმა? არც კი დამჭირდა ეს. ვნახე პერფორმანსი, სადაც პირდაპირ სააკაშვილი, მელია – ყველა ადამიანი ერთ ქვაბში ჰყავთ მოხარშული. აი ეს აჩვენებს, საერთო ჯამში ვისთან გვაქვს საქმე. სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში. ეს არის სირცხვილი ევროპის, სირცხვილი ბრიუსელის, როდესაც ანტიქართულ პოლიტიკას ეთმობა პლატფორმა ამ მნიშვნელოვან ინსტიტუციაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.