რუსთავის ჰაერის ხარისხისა და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის უნიკალური პროექტის – ჭალის ტყის აღდგენის პირველი ეტაპი დაიწყო

რუსთავის ჰაერის ხარისხის და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღებით დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესი, ახალ ეტაპზე გადადის. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და რუსთავის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, რუსთავში, ათწლეულების ეკოლოგიური პროექტის განხორციელება იწყება. რუსთავის ფილტვებად მიჩნეული ტერიტორიის ფლორის აღდგენა, გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდება. ეს პირველი პროექტია, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებით განხორციელდება.

ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.

,,რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება 2020 წელს გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის კანონის გამკაცრებით დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და პარლამენტის გუნდთან ერთად, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჭალის ტყის განვითარების გეგმა შევიმუშავეთ. დღევანდელი პრეზენტაცია კი ემსახურებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ 900 ათასი ლარით დავიწყებთ წინამოსამზადებელ პერიოდს და წლის ბოლომდე რუსთავის ჭალის ტყეში 20 000 ხის ნერგი დაირგვება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ჭალის ტყის მდგრადი განვითარებისთვის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ ვაგრძელებთ ჭალის ტყის ისტორიას და თითოეულ რუსთაველს შესაძლებლობა გვაქვს მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ღონისძიებას, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან ხარაბაძე, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შატაკიშვილის თქმით, ჭალის ტყის აღდგენა, უმნიშვნელოვანესია.

,,რუსთავის ჭალის ტყის დიდი ნაწილი სამწუხაროდ 90-იან წლებში განადგურდა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს შესაძლებლობა გვაქვს ვისაუბროთ მის აღდგენაზე. რუსთავს გარკვეული გამოწვევები აქვს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით და ჭალის ტყის აღდგენა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქისთვის”, – განაცხადა რუსთავის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.
ჭალის ტყეების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ, პროექტის – ,,გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს” ფარგლებში შეიმუშავა. ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი რომელიც 320 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. კვლევის შედეგად გამოვლენილ ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე, 20 000 ნერგი ენდემური მცენარე – მუხა, თელა და ფშატი დაირგვება. მოეწყობა ფოტოხაფანგები, ტურისტული მარშრუტი და საინფორმაციო სივრცეები, მყარი ნარჩენებისგან წყლის დამცავი ბარიერები.
,,ქალაქ რუსთავისთვის ისტორიულ პროექტს ვიწყებთ დღეს, რომელიც ჭალის ტყის აღდგენას შეეხება. ეს მართლაც უნიკალური ეკოსისტემაა, რომელიც ბიომრავალფეროვნებითაა გამორჩეული, თუმცა წლების განმავლობაში გახდა დეგრადირებული. დღეს ჩვენ ვიწყებთ ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებას, ეკოსისტემის აღდგენას და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობას. ეს პროექტი, ცენტრალურ ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. რა თქმა უნდა, უნიკალური ადგილი შეემატება ქალაქ რუსთავს და გარდა ამისა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
ჭალის ტყის აღდგენის სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ,,მოქალაქეთა ასამბლეის” ფარგლებში, რიგითი რუსთაველებიც იყვნენ ჩართულები. მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას ტყის განაშენიანების უშუალო პროცესშიც, რისთვისაც რუსთავის მერია, მოხალისეობრივ კამპანია ,,რე ფორესტს” იწყებს. კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მთავარი ეკოლოგიური რესურსის აღდგენა-განვითარებაში მონაწილეობას, ნებისმიერი რუსთაველი შეძლებს. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ამაღლების მიზნით, რუსთავის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ნაპირზე” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
,,რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა ერთ-ერთი უნიკალური პროექტია, რომელიც სარგებლიანი იქნება, როგორც რუსთავისთვის, ასევე დედაქალაქისთვის. პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს გარდა იმისა, რომ მთლიანად იწყება მწვანე საფარის აღდგენა, რომელიც ადამიანის ძალისხმევით 90-იან წლებში სრულად განადგურდა, ერთგვარი ეკოლოგიური და ურბანული დამაკავშირებელი ხიდია ამ ორ ქალაქს შორის. ეს კი როგორც ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენაზე, ასევე ტყის ბუნებრივი საფარის გაუმჯობესებაზე, დადებით ზეგავლენას იქონიებს,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, რუსთავის ბუნებრივი ჭალის ტყის აღდგენა მოხდება, კომპლექსურია და საბოლოოდ, რუსთავის ჭალის ტყის ეკოსისტემის აღდგენას და დაცვას, საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის წარმოებას, რეკრეაციული და ტურისტული ფუნქციის განვითარებას, და ქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. რუსთავის ჭალის ტყეები, ქალაქის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეს მოიცავს, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, სერიოზული ზიანი მიადგა. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჭალის ტყე ნაწილობრივ ბუნებრივად აღდგა, თუმცა მისი განვითარების ჩამოყალიბებული სტრატეგია, დღემდე არ არსებობდა. ჭალის ტყის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე, უკვე 900-მდე ახალი ნერგია დარგული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები