გორდულაძე – ოპოზიციაზე: მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე პოლიტიკა შეიტანონ როგორც საგამოძიებო სამსახურებში, ასევე, სასამართლო სისტემაში, საბოლოოდ, იმარჯვებს სამართალი და სამართლიანობა

“მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე პოლიტიკა შეიტანონ როგორც საგამოძიებო სამსახურებში, ასევე სასამართლო სისტემაში, საბოლოოდ, იმარჯვებს სამართალი და სამართლიანობა”, – ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ მათ წარსულში გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მთელი რიგი დანაშაულები შეიძლება, ჰქონდეთ ჩადენილი, ამ პასუხისმგებლობას გაურბიან და წამსვლელები არიან, შედარებით უფრო ნაკლები პასუხისმგებლობის მქონე დანაშაულზე, რომელიც არის, მაგალითად საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.

ამავდროულად, ცდილობენ, კიდევ ერთი შოუ დადგან, ცდილობენ, პოლიტიკური კონტექსტი შესძინონ რეალურად სამართლებრივ საქმეებს და ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს – საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ზუსტად იგივე იყო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიასთან, გვარამიასთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სადაც თითოეულ შემთხვევაში ცდილობდნენ, სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება მოეხდინათ.

შემდეგ გადიოდა წლები და სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, აღმოჩნდებოდა, რომ საქართველო, ქართული მართლმსაჯულება – როგორც საგამოძიებო სამსახურები, ასევე სასამართლო სისტემა, თურმე მართალი იყო ამ ადამიანებთან მიმართებით და ამ პირების არავითარი უფლება არ დარღვეულა.

როგორც ვხედავთ, სამართალი ნელა დადის, ურმით დადისო, რომ ამბობენ და საბოლოო ჯამში, მაინც მიდის. საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ასევე იქნება ამ კონკრეტულ საქმეებთან მიმართებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე პოლიტიკა შეიტანონ როგორც საგამოძიებო სამსახურებში, ასევე სასამართლო სისტემაში, საბოლოო ჯამში, იმარჯვებს სამართალი და სამართლიანობა“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები