ირაკლი ქადაგიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: თუ  საუბარი არის კონკრეტიკაზე, ნატომ ამ განცხადებას კონკრეტული ნაბიჯი უნდა მოაყოლოს

„თუ  საუბარი არის კონკრეტიკაზე, ნატომ ამ განცხადებას კონკრეტული ნაბიჯი უნდა მოაყოლოს,“- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედი კვირაში“ ნატოსთან საქართველოს დაახლოების პერიოდზე და ალიანსის წევრობის პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა.

„რეალურად საქართველომ ამ პერიოდში რეფორმების დიდი ნაწილი გაატარა. მათ შორის სამხედრო თავსებადობის ძალიან მაღალ დონეს მიაღწია. ღირსეული პარტნიორობის ძალიან თვალსაჩინო მაგალითები აჩვენა ნატოსთან თანამშრომლობაში, მათ შორის ისეთ მისიებში, როგორი გახლავთ ავღანეთის მისია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილმა  ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზეც ისაუბრა, რომელშიც ნათქვამია, რომ „უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს“.

„ეს განცხადება არ ვიცით, რას ემსახურება – იმას, რომ შეგვახსენეს, რომ „აქ ვართ ჩვენ“, თუ იმას, რომ ამით კიდევ ერთხელ რაღაცნაირად ხდება ისეთი განცხადების გაკეთება, რაც რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. თუ ეს რუსეთის გასაღიზიანებლად გაკეთებული განცხადებაა, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის რაიმე დადებითი, რეალური შედეგის მომტანი არ არის იმიტომ, რომ განცხადება რუსულ აგრესიას ვერ შეაკავებს. თუ აქ არის საუბარი კონკრეტიკაზე, მაშინ ნატოს ამ განცხადებას კონკრეტული ნაბიჯი უნდა მოაყოლოს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები