არჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ
„გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ,“ – ამის შესახებ „იმედის კვირაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შენობებში, მოსამართლეებსა და მანდატურებზე რადიკალების მიერ განხორციელებულ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე, დებოშის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.
„ამ ყველაფერს აკეთებენ ერთი – იმისთვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული; მეორე მხრივ – სიუჟეტებისა და რეპორტაჟებისთვის „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს ჰქონდეთ მასალა; ამავდროულად, შემდეგ დაიწეროს ე.წ. რაპორტები, ანგარიშები, რომლებსაც წარადგენენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, უცხოეთში, თუ რა „უბედურება“ ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, ელჩს, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა არაფერი ესაქმება სასამართლო პროცესზე.
„რა უნდა ელჩს, დიპლომატს სასამართლო პროცესზე, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა – ქართული, მაგრამ ესწრება და თითქოს, ისმენს, რა ხდება სასამართლო პროცესზე. რეალურად ეს არის მცდელობა, სასამართლოზე, მოსამართლეზე ზეგავლენა მოახდინოს. წარსულში ჩვენ ხომ გვახსოვს, როგორ დაიბარეს გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე, როგორ მოსთხოვეს მას მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხი და შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიც გაუუქმეს. კანონი უნდა კანონობდეს ჩვენს ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ, სახელმწიფო არ გვექნება და ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობაც კი ჰქონდეს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.