ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთის ელჩის გადაწყვეტილება არის შოკისმომგვრელი, როდესაც მან გრანტების კანონის მიღებამდე ერთი თუ ორი საათით ადრე გრანტი პირდაპირ გასცა „ნაციონალურ მოძრაობაზე”
„საფრანგეთის ელჩის გადაწყვეტილება არის შოკისმომგვრელი, როდესაც მან გრანტების კანონის მიღებამდე ერთი თუ ორი საათით ადრე გრანტი პირდაპირ გასცა „ნაციონალურ მოძრაობაზე“,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმედის კვირაში“ უცხოური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დუმილით საელჩოები თავად ახდენენ საზოგადოების თვალში საკუთარი თავის დისკრედიტაციას.
„ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, თავისი ნაბიჯებით, დუმილით, ამ დუმილით შემდეგ რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში. როდესაც ჩვენ მივმართავთ მათ ახსნა განმარტებისთვის, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა მიმართა ამ შემთხვევაში, რატომღაც ყოველთვის არის დუმილი და ეს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს საზოგადოებაში ვინაიდან, თუ ეს ყველაფერი ემყარება რაღაც ლოგიკას და ამის უკან რაიმე არგუმენტები არსებობს, რა თქმა უნდა, დუმილს სჯობია, რომ ეს ყველაფერი გაასაჯაროონ და ღიად მიმართონ ჩვენს საზოგადოებას. საფრანგეთის ელჩის გადაწყვეტილება არის შოკისმომგვრელი, როდესაც მან გრანტების კანონის მიღებამდე ერთი თუ ორი საათით ადრე გრანტი პირდაპირ გასცა „ნაციონალურ მოძრაობაზე“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის საელჩოს 13 ივნისს მიმართა: „მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს“.