ვატო შაქარიშვილი: მადლობა და პატივისცემა თითოეულ პოლიციელს, ვინც ხანგრძლივი მასობრივი არეულობები ისე დაასრულა, რომ ჩვენი ქვეყნის მტრების ოცნება არ ახდა – ვერ მიიღეს მსხვერპლი

გუშინ, კონგრესმენმა ჯო ვილსონმა, საქართველოს მორიგი ტვიტი მიუძღვნა, სადაც ჩვენი ქვეყანა და მართლმსაჯულების სისტემა პოლიციელზე თავდამსხმელი მათე დევიძის პასუხისგებაში მიცემისთვის გააკრიტიკა და იმ მოსამართლის სანქცირება მოითხოვა, ვინც აქტივისტი დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

„ვიდეოკადრებში ყველამ ვნახეთ, როგორ გაილაშქრა ამ ახალგაზრდამ პოლიციაზე ხის ჯოხით, მხოლოდ იმიტომ, რომ მის უკან მდგომ ძალებს ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი არ მოეწონათ და მსგავსი ქმედებებისკენ უბიძგებდნენ ახალგაზრდებს ვითარების რადიკალიზაციის მიზნით, რომ ამ გზით მაინც მიეღწიათ სასურველი შედეგისათვის. (შეგახსენებთ, რომ მათე დევიძე 19 ნოემბერს დააკავეს, მაშინ, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას თბილისის ქუჩები ჰქონდა ჩახერგილი, ახალი არჩევნების მოთხოვნით)

ქართულ საზოგადოებას, რომ არანაირი დამატებითი განმარტება არ სჭირდება ეს გუშინდელმა რეაქციამაც აჩვენა – მიუხედავად სასამართლოში მოწყობილი ისტერიისა, პარტიული ტელევიზიების სპეც-რეჟიმისა, პოლიტიკოსების მოწოდებების და ხვეწნა-მუდარისა, აქციაზე არ გამოვიდა ხალხი და რამდენიმე ათეული შიგ ევროპელის მცდელობა, რომ მოეხდინათ ქუჩების პარალიზება, მარტივად აღიკვეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი შეთანხმებულია პრინციპებზე – პოლიციელზე თავდასხმა არ შეიძლება! გადატრიალებით ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს! დემოკრატია, უმრავლესობის ნების პატივისცემას ითხოვს! თუ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, კანონის წინაშე ყველანი თანასწორი უნდა ვიყოთ! არ შეიძლება პოლიციელზე ძალადობის რომანტიზება და დამნაშავეების გმირად წარმოჩენა!

მინდა, სამხრეთ კაროლინის კონგრესმენ ვილსონს, მოვასმენინოთ მისი მეზობელი შტატის, ფლორიდის შერიფის დამოკიდებულება იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც გაბედავენ და პოლიციელზე რაიმე ფორმით იძალადებენ. მინდა ასევე ამ ტექსტს ყურადღებით მოუსმინოს ყველა იმ ევრო-ამერიკელმა ბიუროკტატმა, რომლებიც ორმაგი სტანდარტით და უსაზღვრო პოლიტიკური ფარისევლობით გამოირჩევიან საქართველოსთან მიმართებით.

P.S. მადლობა და პატივისცემა თითოეულ პოლიციელს, ვინც ხანგრძლივი მასობრივი არეულობები ისე დაასრულა, რომ ჩვენი ქვეყნის მტრების ოცნება არ ახდა – ვერ მიიღეს მსხვერპლი!“, – წერს შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები