ნინო წილოსანი: არავის არ დაიჭერენ, ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა
,,არავის არ დაიჭერენ – ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა, ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მისი საჩივრის საფუძველზე სასამართლოში დაბარებული პირების საკითხს ეხებოდა.
წილოსანის თქმით, შეურაცხყოფა მიუღებელია.
„მგონია, რომ ეს იყო სამაგალითო იმისთვის, რომ სხვისი შეურაცხყოფა, ცილისწამებები, ბრალდებები და მათ შორის, ასეთი ზიზღის კამპანია, რომლისთვისაც ისინი დაფინანსებული არიან, [მიუღებელია]…არავის არ დაიჭერენ – ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა. ჩემზე წარმოდგენა [სასამართლოში დაბარებულ ადამიანებს] არ უნდა შეეცვალოთ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის ფორმა და არა შეურაცხყოფის… როდესაც ადამიანის შეურაცხყოფას და ზიზღის გენერირებას ახდენ, აუცილებლად უნდა იცოდე რა კანონი მოქმედებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. თქვენ რომ ცოტა მაინც დაიხარჯოთ ამ სიუჟეტის მომზადებისას და ელემენტარულად ნახოთ სხვა ქვეყნების მაგალითი – მაგალითად როგორ დაასანქცირეს 12 000 ევროთი საფრანგეთში ქალი, რომელმაც მაკრონს ნაგავი უწოდა… თქვენც შეგიძლიათ [საჩივრის დაწერა]- ვისაც აღნიშნული მუხლი აქვს დარღვეული ყველას შეგიძლიათ უჩივლოთ, მე ხომ თქვენს ნაცვლად ვერ ვუჩივლებ?“,- განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით დაწერილი სტატუსების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს.