“დღეს საქართველოს აღარ სჭირდება ცოფიანი პრეზიდენტები”

უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე საზოგადოებას ძალადობისა და მოძალადეების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს იხსენებს. როგორც უფლებდამცველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მიხეილ სააკაშვილთან და მის თანამებრძოლებთან არც ერთი შეგნებული ადამიანი არ გაერთიანდება. კაკაბაძის განცხადებით, სააკაშვილი რუსული იმპერიალიზმის უდიდესი მოკავშირე იყო, რომელმაც ზუსტად ის გააკეთა, რაზეც პუტინი ოცნებობდა.
“გავერთიანდეთ ძალადობის და მოძალადეების წინააღმდეგ.
და სიყვარულის სამსახურში.

ამ ბოლო დროს ისმის ოდიოზური პოლიტიკური ლიდერების მოწოდებები ვითომდა ‘გაერთიანებისაკენ’ სამშობლოს გადასარჩენად. ეს ყველაფერი სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. დიახ, საქართველოს დღეს ბევრი პრობლემა აქვს – და მათში უპირველესი გახლავთ ძალადობის კულტი. ის საზოგადოების ყველა კუნჭულში იჩენს თავს.
მაგრამ, პირდაპირ უნდა ითქვას რომ მიხეილ სააკაშვილთან და მის თანამებრძოლებთან არც ერთი შეგნებული ადამიანი არ გაერთიანდება, რადგან ამ ძალადობის კულტის გაძლიერებაში და გაღმერთებაში მისი რეჟიმის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. მიშა სააკაშვილი იყო ის, ვინც სახელმწიფო ტერორი პრაქტიკულად დააკანონა თავისი ‘ნულოვანი ტოლერანტობის’ პოლიტიკით. ვითომდა კრიმინალის წინააღდეგ მიმართული ეს ნაბიჯი, პირიქით სახელმწიფო კრიმინალის ბიძგება აღმოჩნდა. ქართველი ნაცისტების რეჟიმი მთლიანად ‘ძლიერ ხელს’ ეყრდნობოდა და ინდივიდუალური მოქალქის ღირსება და უფლბებეი მისთვის არაფერი იყო. ის პირდაპირ ძალადობასაც სჩადიოდა, როდესაც უდანაშაულოს სცემდა, აწამებდა, აპატიმრებდა და კლავდა, და სტრუქტურულ ძალადობასაც ყველანაირად ხელი შეუწყო. სწორედ, სააკაშვილის საყვარელი ოლიგარქის, ბატონი ბენდუქიძის წყალობით საქართველოში დამკვიდრდა გაუგონარი სოციალური უსამართლობა, სადაც ღარიბ და ღატაკ უმრავლესობას პრაქტიკულად ყველა უფლება წაერთვა. ამ პოლიტიკის შედეგია რომ დღეს ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე გამოსახლების პირასაა მისული. მათ უმრავლესობას სწორედაც რომ სააკაშვილის პოლიციურმა რეჟიმმა აიძულა საკუთარი ბინა ბანკში ან იპოთეკართან ჩაედო.
სააკაშვილი რუსული იმპერიალიზმის უდიდესი მოკავშირე იყო – მან ზუსტად ის გააკეთა, რაზეც პუტინი ოცნებობდა. სამხედრო დაპირისპირებაში შევიდა სამაჩაბლოში და იმპერიალისტებს კიდევ ერთი საბაბი მისცა უკვე მერამდენე მოეხდინათ ქართული ტერიტორიების ანექსია. რაც მთავარია სააკაშვილის ამ სრულიად უპასუხისმგებლო ავანტიურას შეეწირა ასეულობით უდანაშაულო ახალგაზრდა. იმპერიალიზმს დაამარცხებს არა სააკაშვილის ცოფიანი ნაციონალიზმი, არამედ მერაბ კოსტავას დინჯი და საკუთარ თავში დარწმუნებული ანტი-იმპერიალიზმი.
ძალადობას დაამარცხებს არა კონტრ-ძალადობა – და ჩვენ უკვე ვნახეთ რა კატასტროფით დამთავრდა მიშას ეს მანიაკალური მცდელობები – არამედ არაძალადობა.
ამიტომაც ყველა ჯანმრთელი შეგნების ქართველი უნდა გაერთიანდეს არაძალადობის იდეის გარშემო.
დღეს საქართველოს აღარ სჭირდება ცოფიანი პრეზიდენტები. ახლა საქართველოს ბევრად უფრო დინჯი და მშვიდობისმოყვარე პრეზიდენტი ჰყავს. და სხვათაშორის ბევრად უფრო ზომიერი და საზრიანი მთავრობაც. რა თქმა უნდა, მათაც სჭირდება ჩვენი დახმარება – და თუ ისინი იტყვიან ჩვენ მათს გვერდში დავდგებით. არაძალადობის გზებსაც ერთად დავსახავთ და ანტი-იმპერიალიზმსაც ერთად გავიხსენებთ.
მიშა სააკაშვილის ადგილი კი მთელი მსოფლიოს იმ ავტორიტარებს შორისაა, რომელთა გვერდით მან ეს ისტორიული სურათი გადაიღო. აი, ვისთან უნდა გაერთიანდეს ძალადობის მოყვარული ყოფილი პრეზიდენტი. არა აქვს მნიშვნელობა ეს ციხეში იქნება თუ ემიგრაციაში. მთავარია ესეთი ხალხი არ წყვეტდეს სხვების ბედს”, – წერს კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები