საქართველო ისტორიულად ყოველთვის იმყოფებოდა იმპერიების გზაგასაყარზე; ასეთ პირობებში ჩვენთვის ძალიან რთული იყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაგრამ ქართველმა ერმა არაერთგზის გამოავლინა გაუტეხელი სული და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ურთულესი ისტორიის მიუხედავად, შევძელით ჩვენი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლას უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
„დამოუკიდებლობა არის ის, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ვამაყობთ ჩვენი უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და სიამაყით ვიმეორებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის 3000 წლის, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა – 23-საუკუნოვანი ისტორიის. ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ დღესაც ვართ მზად, მთელი შემართებით დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის პროცესში მეგობრებთან ურთიერთობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოსა და იტალიას საამაყო ურთიერთობები და საერთო ღირებულებები აკავშირებთ.
„ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთობებით, რომლებიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ვამაყობთ მეგობრული ურთიერთობებით, რომლებიც არის ჩამოყალიბებული ქართველ ხალხსა და იტალიელ ხალხს შორის. ვფიქრობთ, რომ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები.
ქართველებს გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიისა და იტალიელი ხალხის მიმართ. ქართველებს გვაქვს რწმენა, რომ ევროპელ ხალხებს შორის ყველაზე მეტად ვგავართ იტალიელებს და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანი.
ჩვენ აღგვაფრთოვანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია იტალიასთან. ეს არის უნიკალური იტალიური კულტურა, ისტორია, სპორტი, სამზარეულო – ყველაფერი, დაკავშირებული ამ ძალიან საინტერესო და ულამაზეს ქვეყანასთან.
მილანი არის განსაკუთრებულ ემოციებთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზის გამო – ბატონი კახა კალაძე, თბილისის მერი, წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ამ ქალაქში. წლების განმავლობაში ის სიამაყით იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას ამ ქალაქში და სწორედ ამ ქალაქში მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი გამარჯვება.
ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, რომელიც დღეს დავათვალიერეთ. ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი იტალიაში, მათ შორის – იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქართული დიასპორა და ეს ყველაფერი დამატებით უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებას.
ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის. დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო იტალიის, იტალიელი ხალხის მიმართ იმ მრავალწლიანი მეგობრობისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით თქვენგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მილანის მერმა ჯუზეპე სალამ, მილანის პრეფექტმა კლაუდიო ზგარალიამ და ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა მარკო ალპარონემ. საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილანში, ვისკონტების სასახლეში, ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი და ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.