ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მხარდაჭერით, შედგა შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის, სადაც ჩვენ მათ გავაცანით ის მიდგომები, ის დამოკიდებულება, რაც გვექნება საჯარო ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე, გავაცანით ჩვენი გეგმები და მათი მხრიდან მოვისმინეთ ის პრობლემები, წუხილები რაც მათ გააჩნიათ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ინიციატივით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად, 70-ზე მეტი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხედვა და პოლიტიკა. მან ასევე, გაუზიარა ინფორმაცია იმ ხარვეზების შესახებ, რაც სხვადასხვა ობიექტების მონახულებისას გამოიკვეთა.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ხარისხიანი მშენებლობის მნიშვნელობას, რაც მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე პირდაპირ აისახება.
მისი თქმით, სამინისტროს ამოცანაა კერძო სექტორთან ჰქონდეს საქმიანი და სამართლიანი დამოკიდებულება. ბიზნესმა, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს მოგება, მაგრამ სახელმწიფოს დროულად უნდა ჩაბარდეს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა.
„ამ დრომდე არაერთი ობიექტი მოვინახულე და ვფიქრობ, ერთად უნდა ვიმუშაოთ უკეთესი შედეგისთვის. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და მოვითხოვთ ვადების მკაცრი კონტროლით, მაღალი ხარისხის ობიექტების ჩაბარებას,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტენდერებთან დაკავშირებით სამინისტრო გეგმავს რამდენიმე სიახლეს, რაც განხორციელდება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ამასთან დაკავშირებით სამშენებლო სექტორი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას.
სამშენებლო კომპანიებმა სამინისტროს გუნდს გაუზიარეს კერძო სექტორში არსებული გამოწვევები და ურთიერთთანამშრომლობისთვის აუცილებელი ის საკითხები, რაც კრიტიკულია ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებისთვის.
მინისტრის თქმით, თანამშრომლობა გაგრძელდება, იმისათვის, რომ სახელმწიფომ მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი დროულად და ამავე დროს, სექტორს ჰქონდეს განვითარებისთვის ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები