დავით მათიკაშვილი: პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც ბოკუჩავასგან მოვისმინეთ
,,პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც ბოკუჩავასგან მოვისმინეთ. გაწაფულია ეს ქალბატონი რაღაცების შეთხზვაში”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.
„ამ ქვეყანას ჰყავს თავისი სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა და თუ ვინმეს პრეტენზიები გააჩნია, შეუძლია შესაბამის ორგანოებს მიმართოს. ბოკუჩავასგან რომ არაერთი სისულელე, ტყუილი და ზღაპარი გვაქვს მოსმენილი, კარგად ახსოვს საზოგადოებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა,
მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
ბოკუჩავას თქმით, მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს.
მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ანხორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი “მრავალი საათის განმავლობაში ე.წ მოდულის შენობაში” იმყოფებოდა.
კოტე იოსელიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.