ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია შეიქმნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) აქტიური თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავთან“ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვესთან“.
პარტნიორობის ფარგლებში, KIU-ს ბაზაზე შეიქმნება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია, რომელიც სტუდენტებს შესანიშნავ შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ და გაიღრმაონ ცოდნა, ქართული ფოლკლორის მიმართულებით.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა – მიხეილ ჯავახიშვილმა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვარლამ ქუტიძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ KIU კაპელა, “რუსთავისა” და “მართვეს” გუნდები, რომლებმაც მცირე მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებული, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების შემუშავება, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს, კომპეტენციის ფარგლებში, მაღალპროფესიონალთა მასტერკლასებისა და სხვა სასწავლო-საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი პროექტების ერთობლივად დაგეგმვა-განხორციელებას, KIU-ს სტუდენტების პროფესიულ მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის მხარდაჭერას.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიხეილ ჯავახიშვილმა KIU-ს საჩუქრად გადასცა ანსამბლის უნიკალური, საარქივო სამტომეული – „ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია“. გამოცემა მოიცავს საქართველოს შესახებ მომზადებულ როგორც კულტურულ და ისტორიულ ბეჭდურ მიმოხილვას, ისე უნიკალურ, 2400-ზე მეტ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს, რომლებიც 1901-2019 წლებით თარიღდება. გამოცემა ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და ის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითაა დაბეჭდილი.
KIU-ში მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის შემოქმედებითი, ინტერესებზე მორგებული კულტურულ-სპორტული აქტივობების განხორციელება, ახალგაზრდებისთვის თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობის შექმნა. ასეთ წარმატებულ პროექტებს შორისაა – KIU კაპელა, რომელიც ფესტივალებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. კაპელა KIU-ს სტუდენტებითაა დაკომპლექტებული.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.
ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.