ევროპარლამენტის დელეგაცია დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა და ლორდთა პალატის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია ნათქვამი.
ევროპარლამენტარებმა ორი დღის განმავლობაში, ონლაინ უსაფრთხოების, დეზინფორმაციის და მედიაწიგნიერების საკითხები BBC-სთან და კომუნიკაციების ოფისთან (Ofcom) ერთად განიხილეს.
ვიზიტის შემდეგ, ევროპის დემოკრატიული ფარის სპეციალური კომიტეტის EUDS-ის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატალი ლუაზომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ.
„დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი იზიარებენ ჩვენი დემოკრატიების დასაცავად ერთნაირ აუცილებლობას. ჩვენ, ასევე ვიზიარებთ იგივე მიზნებს ძლიერი დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადობის აღდგენის შესახებ. EUDS-ის ვიზიტი, 2025 წლის 19 მაისს გაერთიანებული სამეფო-ევროკავშირის სამიტიდან ორი კვირის შემდეგ გაიმართა, რასაც ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა. ამაღელვებელია განახლებული ენერგიის ხილვა, ეფექტური თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისთვის.
ამ მისიის შედეგი ნათელია – ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, რათა გამოავლინონ, თავიდან აიცილონ და ეფექტურად დაუპირისპირდნენ საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საინფორმაციო ომს და ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ საერთო მოწინააღმდეგეების თავდასხმებს. ამავდროულად, უნდა გავამყაროთ ჩვენი მოქალაქეების ნდობა“, – განაცხადა ნატალი ლუაზომ.