კარასინი: შეხვედრის დიდი ნაწილი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობებს დაეთმო

მნიშვნელოვანია, რომ ყველა სირთულის მიუხედავად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი გრძელდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც გარედან ჩნდება, რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული ძალისხმევა გრძელდება. ეს სრულად შეესაბამება როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა კარასინმა.
როგორც კარასინმა აღნიშნა, შეხვედრის დიდი ნაწილი რუსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკის ურთიერთობების შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვას დაეთმო, რომელმაც, მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში რატომღაც გამძაფრებული ნერვიულობა გამოიწვია.
„ამიტომ რუსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკის ურთიერთობების ხასიათზე შეჩერება საკმაოდ დეტალურად მოგვიწია“, – აღნიშნა კარასინმა.
მისივე თქმით, რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრის მომზადებისას ორივე მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ დე ფაქტო აფხაზეთთან და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებს არ შეეხებოდნენ.
„დღეს გამონაკლისი გაკეთდა იმის გამო, რომ ქართული მხარისთვის ეს პრიორიტეტული და ყველაზე მძაფრი საკითხი აღმოჩნდა. ჩვენ ჩვენი არგუმენტები ქართულ მხარეს მოვახსენეთ“, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები