მაკა ბოჭორიშვილი: მივეჩვიეთ, რომ ერთი და იგივე მოვლენების შეფასება სხვადასხვაგვარად ხდება და რაც  დრამატულად ჩანს საქართველოსთან მიმართებაში, ის დემოკრატიის დაცვად ფასდება ევროკავშირში

მივეჩვიეთ, რომ ერთი და იგივე მოვლენების შეფასება ხდება სხვადასხვაგვარად; საქართველოსთან მიმართებაში რაც ასე დრამატულად და ტრაგიკულად ჩანს, ის დემოკრატიის დაცვისთვის კეთდება ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორმაგი სტანდარტის მაგალითია ის, რომ გამჭვირვალობის კანონის მსგავსი საკანონმდებლო აქტი განიხილებოდა ევროპარლამენტში და მას ახსნა-განმარტებითი ბარათი ახლდა, რომ ეს საჭირო იყო ევროპული დემოკრატიის დასაცავად, ევროპელი მოქალაქეების ინფორმირებულობისთვის.

„ერთგვარად გაცვდა კიდეც, მივეჩვიეთ, რომ ერთი და იგივე მოვლენების შეფასება ხდება სხვადასხვაგვარად. ასე იყო როდესაც ვსაუბრობდით გამჭვირვალობის კანონზე და გახსოვთ კიდეც, რომ იგივე ტიპის საკანონმდებლო აქტი განიხილებოდა ევროპარლამენტში და ამას მთელი ახსნა-განმარტებითი ბარათიც ახლდა, რომ ეს საჭირო იყო ევროპული დემოკრატიის დასაცავად, ევროპელი მოქალაქეების ინფორმირებულობისთვის, მათი უფლებებისთვის, მაშინ როდესაც გვახსოვს, როგორ მოინათლა გამჭვირვალობის კანონი საქართველოში და რა პროცესების საფუძველი გახდა. თუმცა, ალბათ უფრო ფართო ჭრილში თუ შევხედავთ, ესეც ერთგვარი მიზეზი არის, როდესაც დაგეგმილია კონკრეტული ქმედებები, კონკრეტულ ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში და დაგეგმილია კონკრეტული რეაქციები და რეაგირება, თუკი ეს ქვეყანა არ მოიქცევა ისე, როგორც საჭიროა. დღეს ალბათ ბევრი კითხვა აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინტერესები არსებობდა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. იყო ჩვენი კრიტიკა, როდესაც ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე და ასე ვფუთავდით იმ მოძრაობას, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს იყო მცდელობა, რომ კონკრეტული ქვეყნებისკენ ხელი არ გაგვეშვირა და არ გაგვემძაფრებინა ისედაც საკმაოდ რთული ვითარება. დღეს ამაზე ბევრი კითხვა არ არსებობს, საფრთხე ნამდვილად არის. ეს ორმაგი სტანდარტიც ამ ყველაფერში ჩნდება კარგად“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი შეფასებით, სამწუხაროა ის ქმედებები და განცხადებები რაც ევროპარლამენტის და ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან მოდის.

„ვხედავდით ევროპარლამენტში, ჰყავთ ადამიანები მიწვეული, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია, მანდატი არ აქვთ. შეიძლება 3-4 კაცის იქით მისი მხარდამჭერი არავინ იყოს. დემოკრატიაზე საუბრობენ, აკრიტიკებენ ხელისუფლებას, არ აღიარებენ ხელისუფლებას, რომლის უკანაც ქართველი ამომრჩევლის 54% დგას. ერთგვარად კომიკური სიტუაციაა და ძალიან სამწუხაროა ეს ჩემთვის, რა მდგომარეობაშიც არის ევროპარლამენტი, ევროპული ბიუროკრატია. სამწუხაროა ის განცხადებები, რომელიც მათგან გვესმის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები