შალვა პაპუაშვილი: რა სინდისით უნდა გვთხოვდე სანქციებს, ნატო-ს ქოლგის ქვეშ დაცული რომ ხარ და მე იმ ქვეყნის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მაქვს, რომელმაც დიდი ომი გააჩაღა, საქმეც ეს არის, რომ გვთხოვდნენ
ბოლო პერიოდში რამდენიმე შესაძლებლობა მქონდა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში მათ შორის, კოლეგებს შევხვედროდი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – რა ეტაპზეა ახლა ურთიერთობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან და რა გზავნილებია მათი მხრიდან, რადგან ოპონენტებიც ხშირად მიუთითებენ, რომ ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ვიზიტები არ არის და ურთიერთობები ყველა დონეზე შეჩერებულია.
„შეხვედრები მქონდა ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან, ბელგიის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან, იტალიის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან ახლახან. იცით, რომ გახლდით ასევე ევროკავშირის პარლამენტის თავმჯდომარეების და კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე, სადაც ასევე ყველასთან გვქონდა შესაძლებლობა საუბრის, თუ აზრის გაცვლის. საქმე იმაშია, რომ ამიტომაც არის, ეს ე.წ იგნორირების პოლიტიკა რომ აქვს არჩეული ევრობიუროკრატიის ელიტას საქართველოს მიმართ და ჩვენს კრიტიკას პასუხობენ რაღაც გაბუტული პოზით, რომ ეს არის თავდასხმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა იგივე დამოკიდებულება პირადი კომუნიკაციის დროს, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პირადად როდესაც საუბრობენ და განმარტავენ პოზიციებს, აბსოლუტურად ყველას ყველაფერი ესმის.
„ისევე, როგორც 2022 წელს, როდესაც ომი დაიწყო, გახსოვთ, მაშინ მთელი პანიკა ამაზე ჰქონდათ აწყობილი და პირველი, რითაც რამდენიმე აქ მყოფი ელჩი და ასევე, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან ცდილობდნენ, საქართველოს დისკრედიტაცია მოეხდინათ, იყო ის, თითქოს საქართველო არასათანადოდ არის სოლიდარული უკრაინელების, თითქოს საქართველო რაღაცნაირად ცდილობს, ნეიტრალიტეტი ითამაშოს და ა.შ. ყველას ვუხსნიდით ერთ მარტივ რამეს, თუკი ითხოვთ ჩვენგან სანქციებს, ხომ იცით, რომ ამის საპირისპიროდ საპასუხო მოქმედებები იქნება რუსეთისგან? აი, ომამდე რომ მივიდეს, რას იზამთ, დაგვეხმარებით? არა, არ დაგეხმარებით, გვეუბნებოდნენ ევროპელები; როდესაც ვეუბნებოდით, სანქციებს რომ დავაწესებთ, საპასუხო სანქცია იქნება და ეკონომიკას რომ გაუჭირდება, ღვინოს თუ ვერ გავიტანთ და ასე შემდეგ, შენ დამეხმარები, წაიღებ შენკენ? არა, არ დაგეხმარებით. აბა, მაშინ რა სინდისით მთხოვ ამ ყველაფერს, როდესაც შენ ხარ ნატო-ს ქოლგის ქვეშ მშვენივრად, ბირთვული ქოლგით დაცული და მე აქ მაქვს ტერიტორიები, რომელიც ზუსტად იმ ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული, დღეს რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი გააჩაღა? აი, რა სინდისით უნდა გთხოვდნენ, მაგრამ საქმეც ეს არის, რომ გვთხოვდნენ. ასე ლაპარაკში ვერავინ ვერაფერს ვერ გეუბნება, ასე ვთქვათ არგუმენტით, მაგრამ გავიდოდნენ და მერე დაგიწერდნენ, გამოვიდოდა ლატვიის პრეზიდენტი, რომელმაც პირადად საჯაროდ მოითხოვა, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. რა ედარდება ლატვიას ახლა? მას თავისი ჯარისკაცის გამოყვანაც არ დასჭირდება, ჩიტი ვერ შეფრინდება ლატვიის ტერიტორიაზე ნატო-ს ნებართვის გარეშე. აბა, გადაგვაფარონ ჩვენც ნატო-ს ქოლგა, რატომ არ გვაფარებენ, ან ჩვენ, ან უკრაინას, ან სხვებს? რატომ არ გვაფარებენ ამ ქოლგას, თუკი ასე მაინცდამაინც შეწუხებული არიან?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.