დაჩი ცაგურია: ხელისუფლებასთან თხოვნა და მოთხოვნა მაქვს, რომ სააკაშვილი ხონის ციხეში გადაიყვანონ, რომ შეიცნოს ამ კაცმა ვინ იყო და ადამიანებს რას უკეთებდა
ძალიან კარგი შემოდგომა გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ეგენი არიან სრულად გაკოტრებულები. უნდათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, უნდა ნუ მიიღებენ ამ ქვეყანაში, ქართველ ერში შეკითხვა მათთან საერთოდ აღარ არის, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რა პოლიტიკური პროცესები შეიძლება განვითარდეს და როგორი შემოდგომა ელის ქვეყანას.
მისი თქმით, ოპოზიცია კარდაკარ დადის, რომ დააზიანოს ქვეყანა და ამას საზოგადოებაც ხედავს. დაჩი ცაგურიას განცხადებით, ხალხს კარგად ახსოვს, რა ვითარებაში ამყოფებდა მოსახლეობას სააკაშვილის რეჟიმი და მის უკან მობრუნებას არ დაუშვებს.
„ადამიანები დადიან, ამერიკიდან მოყოლებული მოიარეს მთელი მსოფლიო და იმას კი არ ითხოვენ, რომ საქართველოს რამე მისცენ, საქართველოს რა წაართვან, ახალ – ახალი მიზეზებით… შეკითხვა მაქვს ბუღაძეებთან და დანარჩენებთან, სააკაშვილი ხვალ კვდებაო, ერთ საათში მოკვდებაო, ჩქარაო… დაგვამცირეს, საქართველოს ელჩი გამოაგდეს უკრაინიდან. მაშინ, როდესაც იბომბებოდა კიევი ჩვენი დიპლომატები ბოლომდე გმირულად იდგნენ, არ დაუტოვებიათ. მთელი მსოფლიოს ყველა წარმომადგენელმა კიევი დატოვა. ჩვენმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ არ დატოვა, ბოლომდე იდგა იმ ქვეყანაში და ასე უმადურად გამოაგდეს ჩვენი ელჩი, რისი გულისთვის, რომ „სააკაშვილს აწამებენ“. ესენი ტაშს უკრავდნენ, ბედნიერები, გახარებულები იყვნენ. ახლა ვინმეს სჯერა საქართველოში, რომ სააკაშვილი ვინმემ აწამა?! სააკაშვილს ის გამოგონილი დაავადებები, რომ ჰქონდა იქ სჯერათ მაგისი?
მე ხელისუფლებასთან თხოვნა და მოთხოვნა მაქვს, რომ სააკაშვილი ხონის ციხეში, რომ იყვნენ ჩასულები კომისიის წევრები, ცოტა ხანი იქ გადაიყვანონ, რომ შეიცნოს ამ კაცმა ვინ იყო და ადამიანებს რას უკეთებდა“. – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.