შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვთავაზობთ, არაფრისმომცემი სიტყვების ნაცვლად, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელშიც გაწერილი იქნება, რა არის ამერიკელი და ქართველი ხალხების ინტერესები და სად ვთანხმდებით
ჩვენი ეროვნული მიზნებით და ამოცანებით ვთავაზობთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რომ არაფრისმომცემი სიტყვებისა თუ ფურცლების ნაცვლად, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც იქნება გაწერილი, დაიწერება, რა არის ამერიკელი ხალხის ინტერესი, რა არის ქართველი ხალხის ინტერესი, აქ ვთანხმდებით და გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ინტერესებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა. მისივე თქმით, ყველა სხვა მიზანი და ამოცანა ექვემდებარება ამ მიზანსა და ამოცანას.
პაპუაშვილის თქმით, მარკო რუბიოს განცხადებაც ზუსტად ეს იყო, რომ ისინი აღიარებენ სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს და შეეცდებიან, საერთო ენა გამონახონ აქედან გამომდინარე.
„ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო, არის და იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ხალის ინტერესები, რასაც სხვათა შორის აშშ-ის პრეზიდენტიც ამბობს. მათ შორის, მარკო რუბიოს განცხადებაც ზუსტად ეს იყო, რომ ისინი მომავალში სხვა ქვეყნებს შეხედავენ ისე, რომ აღიარებენ სხვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და შეეცდებიან, საერთო ენა გამონახონ აქედან გამომდინარე. ანუ, ამოსავალი იქნება არა ის, როგორც დღეს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი და რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფი გვიყურებს, რომ არსებობს რაღაც ზეევროკავშირული ინტერესი, რომელსაც ყველა უნდა დავექვემდებაროთ და ჩვენს ეროვნულ ინტერესს არ აღიარებენ ასეთი ჯგუფები, არამედ – პირიქით. ტრამპის ადმინისტრაციაში ეს არის ახალი – ის ამბობს, რომ მე მაქვს ჩემი ინტერესი და სხვასაც აქვს თავისი; დღეს ამბობს, რომ ჩინეთის ლიდერს პატივს სცემს, აღიარებს, რომ ჩინეთს აქვს თავის ინტერესი, ირანს აქვს თავი ინტერესი და თუ სხვას, თუ სხვას. სხვადასხვა ინტერესია და ზუსტად ეს არის საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატია, რომ ინტერესების თანხვედრა ნახო და სადაც ეს თანხვედრა არ არის, კონფლიქტები აიცილო. ზუსტად ეს არის ჩვენი ამოსავალი ჩვენი ეროვნული ინტერესები.
ჩვენი ეროვნული ინტერესი და ამოცანა არის ორი – ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი და ამოცანა ექვემდებარება ამ მიზანსა და ამოცანას. ამ მიზნებით და ამოცანებით ვთავაზობთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რომ ნაცვლად არაფრისმომცემი სიტყვებისა თუ ფურცლებისა, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც იქნება გაწერილი, დაიწერება, რომ აი, ეს არის ამერიკელი ხალხის ინტერესი, აი, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი, აი, აქ ვთანხმდებით და გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა ასევე შეკითხვა დაუსვა პაპუაშვილს იმასთან დაკავშირებით, რატომ იგვიანებს დადებითი იმპულსები, რომელსაც პროგნოზირებდა ხელისუფლება ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ისევ რჩება თუ არა მმართველ გუნდში ოპტიმისტური პროგნოზები, რომ ამ ურთიერთობის გადატვირთვას პერსპექტივა აქვს.
„რაც შეეხება დაგვიანება – არდაგვიანებას, რამაც არ დააგვიანა, ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის მოლოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ. მოლოცვამ არ დააგვიანა, მაგრამ აქაც ვნახეთ, რომ საელჩომ დააგვიანებინა ამ ყველაფერს და დღემდე საელჩო საკუთარი პრეზიდენტის წერილს არ ასაჯაროებს ვებგვერდზე; არ ვიცი, ასეთი პრეცედენტი არსებობს თუ არა. ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად, ბრიტანეთის საელჩომ გამოაქვეყნა მეფის წერილი, ევროკავშირის წევრებმა საკუთარი ლიდერების და არალიდერების წერილები, მაგრამ, აშშ-ის პრეზიდენტმა მისწერა წერილი საქართველოს პრეზიდენტს და ამას არ ასაჯაროებს აშშ-ის საელჩო. ამას ახსნა სინამდვილეში არ აქვს, გარდა იმისა, რომ ვიღაცას უნდა დააგვიანებინოს რაღაცას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.