ირაკლი ზარქუა: რაც ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ დაიწყო მუშაობა, მადლობას ვუხდით, რადგან მათ გაშიფრეს ის მავნებლობები, რასაც აქ USAID-ი და საერთაშორისო ფონდები სჩადიოდნენ

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ, სენატორ სტივ დეინსთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ.

როგორც ზარქუამ „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს პერიოდში შესაბამისი ნაბიჯები ექნებათ.

„ჩვენ სენატორთან საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა გვქონდა, თურმე შესაძლებელი ყოფილა, რომ პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდეს. იქ იყო აზრების გაცვლა-გამოცვლა, ჩვენ ბევრი არგუმენტები წარვუდგინეთ. პრინციპში, ჩვენ კმაყოფილი ვართ ამ შეხვედრით და დარწმუნებული ვართ, უახლოეს პერიოდში გვექნება შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ ეს მოლოდინი გვაქვს. რაც ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ დაიწყო მუშაობა, მადლობას ვუხდით, რადგან მათ გაშიფრეს ის მავნებლობები, რასაც აქ USAID-ი და საერთაშორისო ფონდები ჩადიოდნენ. ამიტომ გახდა საჭირო, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გაგვემკაცრებინა და ამერიკული კანონი „ფარა“ მიგვეღო, რადგან სიგიჟეები ფინანსდებოდა ჩვენი ეკლესიის, მართლმადიდებლობის, ქართული ღირებულებების წინააღმდეგ, პოლარიზაციის ხელშეწყობა და ა.შ. ფინანსდებოდა ლგბტ პროპაგანდა, რაც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის და ეს, როგორც იქნა, კიდევ ერთხელ გავაგებინეთ და იმედია გაითავისეს. ჩვენ მზად ვართ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები