ირაკლი ზარქუა: ამათი გადასაწყვეტი არ არის მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ახალი ვირეშმაკობა აქვთ მოგონილი, ადგილობრივ არჩევნებში მიაღებინებენ მონაწილეობას თორემ არ იცის გახარიამ, გუნდს რომ უღალატა რთულ მომენტში, რა უნდა აიღოს? ან „ლელომ“ რა უნდა გააკეთოს
ჩვენ ვამბობდით, რომ ამათი გადასაწყვეტი არ არის მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, რაც მოვა იქიდან უსტარი და მითითება, სწორედ ისე მიიღებენ მონაწილეობას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროპარლამენტარების განცხადებას, რომლის თანახმადაც, ისინი მოუწოდებენ საქართველოს ოპოზიციას, გამოიყენოს თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობა.
ზარქუას თქმით, ოპონენტებმა კარგად იციან, რომ დამარცხებულები არიან და გამორიცხულია, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ.
კითხვაზე, რატომ შეიცვალა მოსაზრება და რატომ უნდათ, რომ ახლა ოპოზიცია შევიდეს არჩევნებში, ირაკლი ზარქუა პასუხობს:
„ახალი ვირეშმაკობა აქვთ მოგონილი. თქვენ იცით, 2020-ის არჩევნებზე იგივე ტალღა იყო. ახლა იგივე სცენარი ჰქონდათ, 2024-ის საპარლამენტო არჩევნების დროს, ესეც ვერ გაუვიდათ და ახლა ამზადებენ, ისევ წრეზე წაიყვანონ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მიაღებინებენ მონაწილეობას. თორემ, არ იცის გახარიამ, რომელმაც გუნდს უღალატა ყველაზე რთულ მომენტში, იმან რა უნდა აიღოს? ან „ლელომ“ საერთოდ? „ლელომ“ რა უნდა გააკეთოს. აპრიორი იციან, რომ დამარცხებულები არიან და გამორიცხულია, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ.
გუშინ მივმართე სამადაშვილს, ამბობდა, რომ გამორიცხულია, ამათთან როგორ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებშიო. სალო, რა შეიცვალა? ისევ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, პრემიერ-მინისტრი კობახიძეა, ისევ ჩვენ ვნიშნავთ ყველა თანამდებობაზე, სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობს. დაკვეთა მიიღეთ? თუ უბრალოდ გინდათ, რომ სახე შეინარჩუნოთ, რომ არ გაქრეთ პოლიტიკური ასპარეზიდან, როგორც „ნაცები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.