შალვა პაპუაშვილი: მარტა კოსის განცხადება აბსურდულია, თავად ის, რომ ბრიუსელი ულტიმატუმების ენით საუბრობს, აჩვენებს, რა პრობლემების წინაშე დგას ბრიუსელი და მისი ბიუროკრატია
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადება აბსურდულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვა მარტა კოსის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „საბჭომ შეაჩერა მოლაპარაკებები და როგორც კი საქართველოს მთავრობა აჩვენებს მზაობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, მაშინ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ.
პაპუაშვილის თქმით, თავად ის, რომ ბრიუსელი ულტიმატუმების ენით საუბრობს, აჩვენებს, რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას ბრიუსელი და მისი ბიუროკრატია.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად აცდენილია გარკვეულწილად ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს. ვხედავთ, თუნდაც ეს განცხადება, რომ ჩავუფიქრდეთ მის შინაარსს, რამდენად აბსურდულია. ევროკავშირის კომისარი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში თუკი საქართველო არ იქნება რაღაც ტემპებით, იქნება სანქციები. დაგვსჯიან, იმ შემთხვევაში, თუკი ის ტემპი არ იქნება მათთვის მოსაწონი, პროცესი არ იქნება მათ ორგანიზაციაში გაწევრიანების. ეუბნებიან ქართველ ხალხს, თუ თქვენ ისე არ მოიქცევით ისე, როგორც ჩვენ მოგვწონს, ამისთვის დაგსჯით. ეუბნებიან სუვერენული სახელმწიფოს სუვერენულ მოქალაქეებს, ეუბნებიან თუნდაც ხელისუფლებას. წარმოიდგინეთ, ახლა ვწევრიანდებოდეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რომელიმე სხვა ორგანიზაციაში და გვეუბნებიან, თქვენ თუ ისე არ მოიქეცით, დაგსჯით ამის გამო, სანქციებს დაგიწესებთ. ეს ხომ აბსურდია. გამოდის, რომ ვინმე გვიპყრობს, თუ რა ხდება. ამით ხომ თავადვე უზრუნველყოფენ იმ შედეგებს, რაც დღეს ვნახეთ „ევრობარომეტრის“ კვლევაში. საქართველოს მოსახლეობის ნდობა ნახევარზე დაბალია ევროკავშირის ბიუროკრატიის მიმართ. ჩვენი მოსახლეობა უყურებს, ქვეყანა, რომელიც არის საბჭოთა კაშირგამოვლილი, უყურებს, რომ ბრიუსელში ზოგიერთი დღეს ცდილობს, რომ ჩაანაცვლოს მოსკოვი. როგორც იქიდან იყო მითითებები – რევიზორების ჩამოსვლა, თითის ქნევა, იმავე ტონით გვესაუბრებიან იგივე ხალხი. შეგახსენებთ, რომ რასა იუკნევიჩიანე გორბაჩოვის თანამებრძოლი იყო. ზუსტად იგივე ხალხი, მათ შორის ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე გვესაუბრება ინგლისურად რუსული აქცენტით, თითს გვიქნევს, რომ თუკი არ მოვიქცევით ისე, როგორც ცენტრს უნდა, ამისთვის დასჯიან ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას. ასეთ აბსურდამდეა მისული სამწუხაროდ ევრობიუროკრატია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, რომ „ოპონენტები სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებენ ევროსკეპტიციზმის ზრდაში იმ რიტორიკის გამო, რომელსაც მმართველი გუნდი იყენებს“, პაპუაშვილმა აღნიშნა:
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვთქვათ – სკეპტიციზმი, ამის გამო შეიძლება, ქვეყანა დასაჯო? შეიძლება, ასეთი მიდგომა გქონდეს? როდესაც საუბრობენ, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის პროექტი, ეს არის სოლიდარობა, თანადგომა და შემდეგ ამბობენ, რომ ჩემთან თუ არ ივლი სწრაფი ტემპით, ამისთვის დაგსჯი. ეს რა მიდგომაა. ეს ხომ წმინდა საბჭოური აზროვნებაა. საბჭოთა კავშირი როდესაც ქმნიდა თავის ბლოკებს, დაახლოებით ამ ტონით ესაუბრებოდა ალბათ სუვერენულ სახელმწიფოებს და მოქალაქეებს. ამიტომ, აბსოლუტურად გამაოგნებელია ეს ტონი, რასაც ვისმენთ.
ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, ერს, საზოგადოებას საბჭოთა კავშირის განმავლობაში დიდი ხანი გვაჩუმებდნენ და ამის გამო იყო, რომ თავს კომფორტულად არ ვგრძნობდით და გვინდოდა ჩვენი ქვეყანა. ბრიუსელი უნდა მიეჩვიოს კრიტიკას. ჩვენ ამას ვატყობთ, რომ კრიტიკას, რომელსაც გამოთქვამს ქართული საზოგადოება, მათ შორის „ევრობარომეტრის“ მაჩვენებლით, ამ კრიტიკის მოსმენა უნდა ისწავლონ. ეს არის ევროპელობა. ევროპელობა არ ნიშნავს მხოლოდ ევროკავშირის პასპორტის ქონას ჯიბეში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული, გამოკითხულთა 51% კი ეროვნულ მთავრობას ენდობა