თბილისის მერია მიმდინარე წელს საზაფხულო პროგრამებს 6 000-მდე ახალგაზრდისთვის განახორციელებს

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, წელს საზაფხულო პროგრამები 6 000-მდე ახალგაზრდისთვის განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ისეთ სპორტულ აქტივობებში როგორებიცაა: ჩოგბურთი, პადელი, ბოულინგი, ჯომარდობა, აგრეთვე ლაშქრობებში თბილისის გარშემო და საქართველოს დაცულ ტერიტორიებში.

„პროგრამაში შარშან 5 000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. წელს გვაქვს შესაძლებლობა, გავზარდოთ რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციულ აქტივობებთან ერთად, განხორციელდება 20-მდე თემატური ახალგაზრდული ბანაკი, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, კინო და თეატრალური ხელოვნების, ინგლისური ენის, ინტელექტუალური საკუთრების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების. ადგილობრივი ბანაკების გარდა, იგეგმება საერთაშორისო ბანაკები ფრანგი და შვედი ახალგაზრდების ჩართულობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება.

„პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება. 2025 წლის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამები დაიწყება 15 ივნისიდან და გაგრძელდება სექტემბრამდე. პროგრამებზე რეგისტრაცია ვებგვერდზე: www.youthtbilisi.ge ეტაპობრივად განხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები