ვინ არის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებული დურმიშხან ღვარჩლიანი

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებული ყოფილი კუდის თანამშრომელი დურმიშხან ღვარჩლიანი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, ის წლების განმავლობაში წყალტუბოში, სასტუმრო „სამგურალში“ ცხოვრობდა. დაოჯახების შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.
რესპოდენტი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, ამბობს, რომ ამავე სასტუმროში, აფხაზეთიდან სხვა დევნილებთან ერთად დურმიშხან ღვარჩლიანის დედა და ბიძაშვილებიც ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ ღვარჩლიანის დედამ შვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ არაფერი იცის და ოჯახის წევრები მომხდარის შესახებ მოხუცს არ უმხელენ.
„დურმიშხან ღვარჩლიანი ოჯახით თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ იგი აფხეზეთიდან დევნილია და წყალტუბოს სასტუმრო „სამგურალში“ იყო ჩაწერილი. იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქ ცხოვრობდა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და ოჯახით იქ დასახლდა. ამავე სასტუმროში ღვარჩლიანის დედა და ბიძაშვილები დღემდე ცხოვრობენ. თავად, დურმიშხან ღვარჩლიანი წყალტუბოში ხშირად ჩამოდიოდა და ჯიპით გადაადგილდებოდა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას რესპოდენტმა.
იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულსა და დაზარალებულის ოჯახს შორის ნაცნობობის ფაქტი პროკურორმა თენგიზ ხარებავამ საქალაქო სასამართლოში გაახმაურა. თავად, 19 წლის იოსებ გიორხელიძის მამა, „კვირასთან“ საუბრისას ბრალდებულთან ნაცნობობას კატეგორიულად უარყოფს.
„როდესაც სასამართლოს დარბაზიდან კადრები ვნახე, არცერთი პირი არ მეცნო. გამორიცხულია, არცერთს არ ვიცნობდი. უამრავი კითხვა მაწუხებს, რომელიმე მათგანს, რომ ვიცნობდე, ოჯახის წევრებს მაინც ვნახავდი, მაგრამ არ ვიცნობ, არადროს არ მინახავს არცერთი მათგანი“, – აღნიშნა რამინ გიორხელიძემ.
ფაქტია, ყოფილი კუდის თანამშრომელი დურმიშხან ღვარჩლიანი ბიზნესმენ რამინ გიორხელიძის საქმიანობისა და ოჯახის შესახებ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ფლობდა. აღსანიშნავია, რომ თავად ბიზნესმენი რამინ გიორხელიძე ამჟამად, საქართველოშია და სანამ გამოძიება არ დასრულდება, ის საქართველოს დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, იგი გამოძიების საბოლოო შედეგს მოუთმენლად ელის. რაც შეეხება, 19 წლის იოსებ გიორხელიძეს, მას მომხდარის შემდეგ, ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდებულებს ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) თანამშრომელს დურმიშხან ღვარჩლიანს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) თანამშრომლებს ჯემალ შონიას, ალექსანდრე ჭანტურიას და გიორგი ქალდანს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები