კახა კალაძე „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“: ვერ გაიაზრეს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს
საქართველოში მიმდინარე პროცესებს ქართველი ხალხი უძღვება და არა გარედან ვინმე, – თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის მიერ „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებისადმი მიმართვას გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, ისინი დავალებებს იღებენ საქართველოს საზღვრებს მიღმა, კონკრეტული პატრონებისგან.
„ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს – საქართველოში მიმდინარე პროცესებს უძღვება ქართველი ხალხი და არა გარედან, როგორც ამ რადიკალების, უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლებს ჰქონიათ. ეს ადამიანები არ ეკუთვნიან საქართველოს, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები. ისინი აგენტურის ქსელის წარმომადგენლები არიან. მათ ვერ გაუაზრებიათ, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს. შესაბამისად, ის ქმედებები, რასაც ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ვხედავთ, გარედან მართული პროცესებია. თავიანთი პატრონები უბრძანებენ რა მიმართულებით უნდა წავიდნენ, რაზე ისაუბრონ და ა.შ ყველაფერი გარედან იმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ, ოპოზიციას წინადადებით მიმართა.
„კარგ გამოსავალს გეტყვით, საერთოდ ემანუელ მაკრონი ჩამოიყვანეთ და თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად კენჭი იყაროს. ასე არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც გააპრავებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.