გია ვოლსკი – ნორმალური ურთიერთობები, ყველა სერიოზული საკითხის განხილვა, რომელიც ეხება საქართველოს, მის მომავალს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, უნდა აწყობდეს აშშ-საც და ბევრ სხვა ქვეყანას, ვინაიდან საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ რუკაზე მსოფლიოში

“რასაკვირველია, საინტერესოა ნებისმიერი ფორმატის განხილვები, მათ შორის სენატორ სტივ დეინსთან, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხების უშველებელი სპექტრი, რომელიც, იმედია, უფრო ფართო ფორმატში იქნება განხილული და რაც შეიძლება მალე,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტია, ნორმალური ურთიერთობები, ყველა სერიოზული საკითხის განხილვა, რომელიც ეხება საქართველოს, მის მომავალს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, უნდა აწყობდეს აშშ-საც და ბევრ სხვა ქვეყანას, ვინაიდან საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ პოლიტიკურ რუკაზე მსოფლიოში.

„მიმდინარე პროცესებშიც საქართველოს როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიო პროცესებზე, მაგრამ მაინც საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის სტაბილურობაში დაინტერესებული უნდა იყოს, პირველ რიგში, აშშ, ევროკავშირი და დაინტერესებული უნდა იყოს ასევე აზიაც, რომელიც ლამობს საკმაოდ ინტენსიური ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დასავლეთთან.
ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, საინტერესოა ნებისმიერი ფორმატის განხილვები, მათ შორის სენატორთან, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხების უშველებელი სპექტრი, რომელიც, იმედია, უფრო ფართო ფორმატში იქნება განხილული და რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის საელჩომ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ჩამოვიდა.

„სენატორი სტივ დეინსი გეგმავს, გააჟღეროს ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ფილოსოფიის დღის წესრიგი და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია, გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ“, – დაწერა აშშ-ის საელჩომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები