კოდორის ხეობის მცხოვრები თორნიკე გერლიანი: ჩვენთვის უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ამბობდნენ – „იმას [სააკაშვილს] ყველაფერი დალაგებული აქვს მანდო“- ცხინვალში რომ დაიწყო ამბები, მაშინ კიდევ უფრო გვეუბნებოდნენ, აი უკვე ცხინვალში არიან ჩვენები შესული თქვენ კიდევ არ გჯერათ, ორ დღეში ყველაფერი დალაგდება და ჩავდივართ სოხუმშიო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი, კოდორის ხეობის მკვიდრმა თორნიკე გერლიანმა ისაუბრა.
თორნიკე გერლიანის განცხადებით, მოსახლეობასთან მიდიოდა თანამშრომელი, პოლიციელი ჯარისკაცი, ვინც მათთან კარგად იყო და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და სულ მალე ჩავიდოდნენ სოხუმში.
„აგვისტოში ჩვეულებრივად იყო ყველაფერი, ბოლო სამი დღე დაიძაბა, როგორც კი დაიწყო ცხინვალში დაბომბვები, ჩვენც ახლა კონფლიქტურ ზონაში ვცხოვრობდით და წავიდა კითხვები აბა ახლა ჩვენთან რა იქნება, იმიტომ რომ, ჯარი არის ამხელა რაოდენობა, პოლიცია, არიან მოხუცები, ქალები, ბავშვები და ომს არ ჯობია ვისაც არ შეუძლია გადაადგილება ტყით, ან თავი შეაფაროს, ან იბრძოლოს, ხომ არ ჯობია რომ გაიწიოს ეს ხალხი, მაშინ როგორც ჩვენ გამოგვწიეს 92-93 წელში ჭუბერიდან. არა არანაირი წინაპირობა მაგის არ არსებობს აბა რისთვის ვემზადებით ჩვენო , რისთვის ვართ აქ, რამე რომ მოხდეს ჩვენ ის კი არ გვაქვს გეგმა, რომ აქ დავრჩეთ აქ ვიყოთ კარგადო, ჩვენი ცოტა სხვაგან მივდივართო, ეს სხვაგან წასვლა გულისხმობდა ალბათ სოხუმში ჩასვლას. ამას გვაჯერებდნენ ჩვენ ყოველდღიურად მოდიოდა ვიღაც პოლიციელი, თანამშრომელი, ჯარისკაცი, რომ ყველაფერი კარგად არის მალე ჩავდივართო [სოხუმში]“,-განაცხადა თორნიკე გერლიანმა.
თეა წულუკიანის კითხვაზე აგვისტოს ომამდე წინა დღეებში ახალი ძალა ხომ არ შესულა კოდორის ხეობაში თორნიკე გერლიანმა უპასუხა, რომ აგვისტოში უკვე არავინ აღარ დამატებია და ყველანი თავის პოზიციებს იკავებდნენ.
„აგვისტოში უკვე არავინ აღარ დამატებია. ყველანი იყვნენ თავის პოზიციებზე სიმაღლეები აღებულია. ერთი მთა არის მანდ დედუქეფთა, კოდორიდან რომ გადავდივართ შემოვლითი გზა არის და მთელ აფხაზეთს უყურებს ზემოდან, ძალიან კარგი სტრატეგიულია ადგილია, მანდ გზა გაიყვანეს 2006 წელსვე და ძალიან დიდი საზენიტო დანადგარები დაამონტაჟეს“-განაცხადა თორნიკე გერლიანმა.
თორნიკე გერლიანის განცხადებით, მეტი დამაჯერებლობისთვის ეუბნებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკვე დალაგებული ჰქონდა ყველაფერი, ქართული ჯარი კი უკვე ცხინვალში იყო და რამდენიმე დღეში სოხუმში ჩასვლას შეძლებდნენ.
„ისიც კი იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომ აბა ეს რისთვის არის ჩვენ თუ აქედან გაქცევას ვაპირებთ და თქვენ თუ აქედან უნდა გახვიდეთ ჩვენ ჩავდივართ და ყველაფერი დალაგებული არისო, თან ასე გვეტყოდნენ ხოლმე, რომ ყველაფერი ეს ჩვენთვის ყოფილიყო უფრო დამაჯერებელი, იმას [სააკაშვილს] ყველაფერი დალაგებული აქვს მანდო. როცა ვიძახდით, რომ აფხაზეთში არიან ყოფილი მეომრები, ვინც იბრძოდა ჩვენთანაც არიან ბიჭები, რომლებიც დაიღუპნენ, იმათი ძმები, როგორ იქნებიან ან შეხვედრა როგორ იქნება, ან ისინი ხომ არ დაყრიან იარაღს პირდაპირ, დალაგებულია მანდ? და ცოტა „წაპერესტრელკება“ იქნება, წაომებაო, მერე ყველაფერი დალაგებულია და შევდივართო. ცხინვალში რომ დაიწყო ამბები, მაშინ კიდევ უფრო გვეუბნებოდნენ აი უკვე ცხინვალში არიან ჩვენები შესული თქვენ კიდევ არ გჯერათო. ორ დღეში ყველაფერი დალაგდება და ჩავდივართ სოხუმშიო“-განაცხადა თორნიკე გერლიანმა.