რა კავშირშია ზურაბ კობეშავიძის ოჯახი იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტთან

შს სამინისტროში 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტზე, გამოძიების კითხვებს მომღერალ ზურაბ კობეშავიძის უფროსი ძმა ჰამლეტ კობეშავიძე პასუხობს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე გამოძიება მომღერალ ზურაბ კობეშავიძესაც დაჰკითხავს. როგორც „კვირასთან“ მომღერალმა განაცხადა, მან მომხდარის შესახებ გუშინ შეიტყო.
„შემთხვევით ჩავედი არმაზში, სადაც ჩვენი საგვარეულო აგარაკია და იქ შევიტყვე იოსებ გიორხელიძის გატაცების შესახებ. ეს აგარაკი ჯერ კიდევ 1958 წლიდან მამაჩემს ეკუთვნოდა. მამაჩემი – მიხეილ (გრიგოლ) კობეშავიძე სახალხო არტისტი იყო და ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. სახლის მესაკუთრე ჩემი უფროსი ძმაა. ამ აგარაკზე ზაფხულობით ჩავდივართ ხოლმე, მე ჩემი ოჯახით და ჩემი უფროსი ძმა თავისი ოჯახით. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მამუკა ჭუმბურიძე, ჩვენი სიძეა. ჩემი ძმის შვილის მეუღლეა. ის რამდენიმე წელია კერძო დაცვაში მუშაობს და სამი შვილის მამაა. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს და რამდენჯერმე დაჰკითხეს კიდეც. მოკლედ, ძალიან ცუდ ამბავში აღმოვჩნდით, ამ ეტაპზე გამოძიების უწყება ჯერ არ მიმიღია. თუ გამოძიებას კითხვები ჩემთანაც გაუჩნდება, მზად ვარ ვითანამშრომლო“, – აღნიშნა ზურაბ კობეშავიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, იგი მამუკა ჭუმბურიძის მეგობრებს გვარ-სახელებით არ იცნობს, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ როდესმე მაინც შეხვედრია მამუკა ჭუმბურიძის მეგობარს – ვინმე ჯემალ შონიას. თუმცა, ზურა კობეშავიძემ, „კვირასთან“ საუბრისას ჯემალ შონია ვერ გაიხსენა.
„კვირა“ ჰამლეტ კობეშავიძის ოჯახსაც დაუკავშირდა, თუმცა ოჯახის წევრებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს. „გამოძიება ყველაფერს გაარკვევს, აღარ დარეკოთ“, – განაცხადა ჰამლეტ კობეშავიძის მეუღლემ და ტელეფონი გათიშა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ჰამლეტ კობეშავიძის ოჯახში წელს, ზაფხულში ტრაგედია დატრიალდა. ჰამლეტ კობეშავიძეს 34 წლის შვილი უბედური შემთხვევის – დენის დარტყმის შედეგად გარდაეცვალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აგარაკი, სადაც გამტაცებლებს 19 წლის იოსებ გიორხელიძე ჰყავდათ, კობეშავიძეებს ეკუთვნის, გიორგობიანი აცხადებს, რომ გამოძიებას აქვს კობეშავიძის სიძის, მამუკა ჭუმბურიძის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ აგარაკი მისია.
“ჭუმბურიძე, რომელსაც ჰქონდა ამ სახლის გასაღები, აცხადებს, რომ გასაღები ათხოვა თავის მეგობარს, შონიას. ჭუმბურიძე ამბობს, რომ არ იცის, რისთვის უნდოდა შონიას სახლი”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
ჯემალ შონია გატაცების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია – თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას “ტე-ტე”-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ გატაცებულის მამას რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები