გია ვოლსკი – სააკაშვილთან დაკავშირებით სისულელეები ვისმინეთ, იგივეს ლაპარაკობენ ახლა ბაჩიაშვილზე
„სააკაშვილთან დაკავშირებით აბსოლუტური სისულელეები ვისმინეთ, იგივე სისულელეს ლაპარაკობენ ახლა ბაჩიაშვილთან დაკავშირებით – საქართველოში არავის აწამებენ და საქართველოში სიცოცხლეს არავის ართმევენ,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ბაჩიაშვილს დაცვა უნდა გაუძლიერონ, რათა „თავად არ გააკეთონ ისეთი რამ, რაც ჩაფიქრებული აქვთ, რომ როგორმე საქართველოს ავტორიტეტს დაარტყან“.
„იმედია, მტკიცებულებების ერთობლიობა ეჭვს არავის უტოვებს, რომ დამნაშავეა, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. რასაკვირველია, ფაქტია და ამ ფაქტს ვერ გავექცევით. არც აქვს თავად ბაჩიაშვილს არაფერი გამამართლებელი. ამბობს, რომ ავიღე თანხა, ამ თანხით მივიღე მოგება და ეს მოგება დავმალე.
ბაჩიაშვილის ადვოკატი ამბობს სისულელეს, ისევე როგორც ამბობდნენ სისულელეს სააკაშვილის მოწამვლასთან, დემენციასთან დაკავშირებით. სააკაშვილთან დაკავშირებით აბსოლუტური სისულელეები ვისმინეთ, იგივე სისულელეს ლაპარაკობენ ახლა ბაჩიაშვილთან დაკავშირებით. საქართველოში არავის აწამებენ და საქართველოში სიცოცხლეს არავის ართმევენ. ახლა ამათ აქვთ პოლიტიკური იდეა, რომ როგორმე ადამიანები დაარწმუნონ, ვინც არ იციან რა ხდება საქართველოში, რომ აქ შესაძლებელია, დასაშვებია, რომ ვიღაც აწამონ, მით უმეტეს, თუკი ბიძინა ივანიშვილთან აქვს სასამართლო დავა. ეს არის იდეა. სულ არ აინტერესებს არავის ბაჩიაშვილის ცხოვრება. პირიქით, მე მგონი, დაცვა უნდა გავუძლიეროთ, რომ თავად არ მოწამლონ და არ გააკეთონ ისეთი რამ, რაც ჩაფიქრებული აქვთ, რომ როგორმე საქართველოს, მის ავტორიტეტს დაარტყან,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორი, “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.