რუსეთი უკრაინის სუმის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს – სუმის სამხედრო ადმინისტრაცია
რუსეთის ჯარები უკრაინის სუმის ოლქში ოთხ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ,- ამის შესახებ სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ გრიგოროვმა განაცხადა.
“დღეისთვის მეტოქე სუმის ოლქში დასახლებულ პუნქტებს: ნოვენკოიეს, ბასოვკას, ვესელევკასა და ჟურავკას აკონტროლებს.
ამ სოფლების მოსახლეობა დიდი ხნის წინ არის ევაკუირებული. მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრებათ”,– განაცხადა გრიგოროვმა.
მეთაურის თქმით, რუსეთის შენაერთები ცდილობენ წინ წაიწიონ და ე.წ. ბუფერული ზონა შექმნან, თუმცა მათი მცდელობები წარუმატებელია.
გრიგოროვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები სიტუაციას აკონტროლებენ, შეტევებს იგერიებენ და რუსეთის ჯარებს არ აძლევენ სუმის ოლქის სიღრმეში გადაადგილების შესაძლებლობას.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში.