ევროკომისარი კუბილიუსი: რუსეთი არ ფლობს იმ ძალას, რომელსაც მას ხშირად მიაწერენ ხოლმე
ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ გლობალურ სამყაროში დიდ შედეგებს იწვევს,- ამის შესახებ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს.
მისივე თქმით, რუსეთი არ ფლობს იმ ძალას, რომელსაც ხშირად მიაწერენ და უკრაინასთან ომში გამარჯვება არ შეუძლია.
“უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა შეიძლება მოდიოდეს ევროკავშირისგან, ამერიკასთან ერთად. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაკეთებთ ამას ამერიკის გარეშე.
უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა ან რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა კრემლის შემდგომ აგრესიას წაახალისებს“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, რთულია იმის თქმა, თუ რა იქნება მომავალში.
“რა ალტერნატივები არსებობს? ომის დასრულება რუსეთისთვის დაკავებული ტერიტორიების გადაცემით, როგორც ზოგიერთი გვთავაზობს? მაშინ ჩვენ პუტინს აგრესიისკენ ვუბიძგებთ. უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ვითომდა მშვიდობისთვის? ეს უკრაინის კაპიტულაციისკენ იძულების ტოლფასი იქნება“, – განაცხადა კუბილიუსმა.
ევროკომისარი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გზა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებაა.