ნიუ-იორკის შტატის ასამბლეამ 26 მაისი ნიუ-იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
ქ. ნიუ-იორკში, ჰარვარდის კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა კონსულმა მაია ბართაიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ და ქვინს რაიონის ვიცე-პრეზიდენტმა ებონი იანგმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.
საქართველოს გენერალურ საკონსულოს საზეიმოდ გადაეცა ნიუ-იორკის შტატის საკრებულოს საკანონმდებლო რეზოლუცია, რომლითაც 26 მაისი აღიარებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ნიუ-იორკის შტატში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოელ მისიათა ნიუ-იორკის რეგიონალური ოფისის დირექტორი კეტლინ იგენი, ნიუ-იორკში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩები და გენერალური კონსულები, ადგილობრივი ხელისულფების ორგანოების, მათ შორის, ქ. ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენლები, სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტები და ქართული კულტურული ცენტრების ხელმძღვანელები.