შალვა პაპუაშვილი: ბატონი ბულაის და ალდეს განცხადება სავსეა დეზინფორმაციით
“მე ვნახე გამოხმაურება “ალდესი” და ვნახე PACE-ში ალდეს ჯგუფის ხელმძღვანელის გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით. რუმინელი დეპუტატი ბულაი, ამ განცხადებას ეხმაურება და, რომელიც სავსეა დეზინფორმაციით და სამართლებრივი სახელმწიფოს არაღიარების პრინციპით,” – ასე გამოეხმაურა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით ალდეს განცხადებას.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც PACE-ში ალდეს ჯგუფის თავმჯდომარე ბატონი ბულაი სიცრუეს ავრცელებს.
„კერძოდ ტყუილია ბატონი ბულაის და ალდეს განცხადება, თითქოს საელჩოებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრების. პირიქით – თუ არ ვცდები შვედეთის და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტყუილია თითქოს ეს იყო დახურული სხდომა, ეს იყო ღია სასამართლო სხდომა რაც იმით დასტურდება, რომ პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა რამდენიმე ტელევიზიაში. ალდე და ბატონი ბულაი თავს ესხმის დამოუკიდებელ მედიას – საზოგადოებრივ მაუწყებელს რაც რა თქმა უნდა სამარცხვინოა PACE-ს წევრის მხრიდან. თითქოს მარტო მათ შეეძლოთ გადაღება, არადა საუბარია პირდაპირი ჩართვის სიგნალის მიწოდებაზე და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა სასამართლოში, როდესაც ბევრი მსურველია და არ არის ამისი ტექნიკური თუ ტერიტორიული შესაძლებლობები და არ არსებობს კადრი, რომელიც არ ჰქონდა პირდაპირ ეთერში ნებისმიერ ტელევიზიას და ინტერნეტ პლატფორმას. თავდასხმა არის სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის პრინციპზე, როცა საუბრობენ ცრუ სასამართლოზე. გამოდის, რომ ჩვენ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას არ აღიარებენ. ეს არის ოთხი ტყუილი, რომელიც ალდემ და ბატონმა ბულაიმ თავის განცხადებაში გააკეთა. შეგახსენეთ, ბატონი ბულაი იყო PACE-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საპარლამენტო არჩევნებში, რომელმაც დადო ყალბი დასკვნა ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით და ეს ადამიანი ამდენ ტყუილს ამბობს ერთ მარტივ საკითხთან დაკავშირებით რომელსაც მთელი საქართველო უყურებდა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მან ასევე ტყუილი გაავრცელა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, თითქოს დაკავების დროს მოხდა მისი წამება. სად არის ეს წამება, ან მისი განცხადება, ან პრეტენზია? ეს არის კარგი საშუალება, რომ დავასკვნათ რასთან გვქონდა ჩვენ საქმე 2024 წლის არჩევნებში, როდესაც PACE-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ადამიანი, რომელმაც ჩვეულებრივად ყალბი დასკვნა დადო არჩევნებთან დაკავშირებით და დღემდე ტყუილებს ავრცელებს საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არის სირცხვილი, როდესაც PACE-ში ასეთი ადამიანი ალდეს ხელმძღვანელია. მე ერთი რამე მინდა ვისურვო, რომ ამ ადამიანმა თავადვე უარყოს მის მიერ გავრცელებული ტყუილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.